ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც პროკურატურა აცხადებს, გიორგი ბაჩიაშვილმა, ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა არ გადასცა და „მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ს კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია“.
„გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შედეგად, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა მშობლების დახმარებით.
ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ დააყადაღა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და სხვა აქტივები. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ის ქონებაა, რომელიც „შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში”.
ყადაღა გამოიყენეს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმეზე ბაჩიაშვილი დამნაშავედა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბიძინა ივანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”