ჩინეთში სიკვდილი მიუსაჯეს თაღლითურ ქოლცენტრებთან დაკავშირებული კრიმინალური სინდიკატის 11 წევრს

ჩინეთის სასამართლომ ორშაბათს სიკვდილი მიუსაჯა მიანმარში მოქმედი ოჯახური დანაშაულებრივი სინდიკატის წევრ 11 ადამიანს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ 1,4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უკანონო აზარტული თამაშებისა და თაღლითური ოპერაციების წარმოება, ასევე ურჩი თანამშრომლების მკვლელობები.
ჩინეთმა მინგის ოჯახის წევრების დაპატიმრების ორდერი მიანმარის საზღვართან უკანონო თაღლითური ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის ნოემბერში გასცა.
სასამართლო აცხადებდა, რომ სინდიკატმა მოკლა 10 მუშა და დაჭრა ორი პირი, რომლებმაც მის მიერ მართული თაღლითური ცენტრებიდან გაქცევა სცადეს.
ქოლცენტრები, საიდანაც დამნაშავეები მთელს მსოფლიოში ახორციელებენ ონლაინ თაღლითობებს, გამრავლდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მათ შორის მიანმარში, ლაოსსა და კამბოჯაში. ამ ცენტრებში ხშირად ტრეფიკინგით მსხვერპლებს იძულებით ამუშავებენ. ამგვარი თაღლითობის ინდუსტრიის ღირებულება, გაეროს შეფასებით, წელიწადში 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩინეთი რეგიონში თაღლითობის ცენტრებს ერთობლივი ოპერაციების ან ადგილობრივ საპოლიციო ძალებთან კოორდინაციის გზით ებრძვის. თებერვალში ჩინეთმა, მიანმარმა და ტაილანდმა ზეწოლა მოახდინეს ტაილანდ-მიანმარის საზღვარზე განლაგებულ თაღლითურ ცენტრებზე, რის შედეგადაც გაათავისუფლეს 7000-ზე მეტი მუშაკი. მათი უმეტესობა ჩინეთის მოქალაქე იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს