საგარეო უწყება – დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში Jyllandsposten გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.
“როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.
შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ