საოპერო მომღერალი, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანთან და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო კრიტიკის შემდეგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არც ტარიელ ონიანი, არც ბაჩო ახალაია და არც თვითონ პოლიტიკაში ყოფნას არ აპირებენ.
„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათელმირონობაზე და მინდა მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში, მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას. ასე რომ, პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან.
თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას” მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა“, — წერს პაატა ბურჭულაძე.
პოლიტიკური მიზნები უარყო ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა: „რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს — ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ვაპირებთ ყოფნას“.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე ნეტგაზეთთან საუბრისას, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მას ტარიელ ონიანთან მეგობრობა არასდროს უარუყვია.
„მე რაც ვთქვი ჩემს ნათლულზე, უშბა ონიანზე [ტარიელ ონიანის შვილი], ვთქვი სიამაყით. იმიტომ, რომ არის გადასარევი ბიჭი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ორი სასწავლებელი ლონდონში. […] მე სიამაყით ვამბობ, რომ ასეთი ბიჭის ნათლია ვარ, რომელიც საქართველოს გამოადგება. რაც შეეხება ტარიელ ონიანს, მასთან მეგობრობა მე არასდროს უარმიყვია. მრავალი წელია ვმეგობრობთ. ერთი რამ ვიცი, რომ ტარიელს არ უყვარს ქვეყნის მოღალატეები. ასე რომ, ჩემი დიდი ვარაუდით, ის ჩვენ მხარესაა“.
