„რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, ქვეყნის მასშტაბით, მძღოლები გრძელ რიგებში დგანან. საწვავის ფასებმა მკვეთრად მოიმატა, ბენზინ-დიზელის გაცემის ნორმირება დაიწყო, შესაბამისად, რუსეთში პანიკა სწრაფად ვრცელდება. ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“, – ასეთი სკეპტიკური სურათის აღწერით იწყება ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „რუსეთში მიმდინარე „ბენზინის დიდი კრიზისი“ პუტინის ხელისუფლებას არყევს“ (ავტორი – იონ კლივი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში საწვავის დეფიციტი რუსეთის დიდ ტერიტორიაზე იგრძნობა -ქვეყნის შორეული აღმოსავლეთით დაწყებული, მოსკოვით დამთავრებული, და ამის მიზეზს უკრაინის მიერ წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციები წარმოადგენს – შორი მოქმედების დრონების დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინა, ასევე, აქტიურად უტევს ნავთობსაცავებსაც, მილსადენებს და სატუმბ სადგურებს.
იმის გამო, რომ რუსეთის საზღვაო ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი სანქციების გვერდის ავლას ახერხებს, უკრაინამ ბალტიის ზღვის ნაპირზე მდებარე რუსული ნავთობის დამტვირთავი ნავსადგურის – პრიმორსკის (ლენინგრადის ოლქში) დაბომბვა გადაწყვიტა, რაც წარმატებით განახორციელა. კიევს იმედი აქვს, რომ ამგვარი საჰაერო შეტევები შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და შეასუსტებს არმიის დაფინანსებას, პრობლემებს შეუქმნის ფრონტის საწვავით მომარაგებას, ასევე, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, საბოლოო ჯამში კი, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინამ გასულ კვირას, ხუთშაბათს, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია, რომელიც ქალაქ სალავათში მდებარეობს, ფრონტიდან თითქმის 700 კილომეტრით დაშორებულს.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ნოვაკი – რუსეთის ვიცეპრემიერი – ცდილობს, რომ მიყენებული ზიანი უმნიშვნელოდ ჩათვალოს, ექსპერტები ამბობენ, რომ რუს ჩინოვნიკებს უკვე აღარ შეუძლიათ, გამწვავებული კრიზისის იგნორირება მოახდინონ, რამდენადაც ავტომობილების გრძელი რიგები ბენზინის დეფიციტზე ნათლად მიუთითებს.
„უკრაინის შეტევები რუსეთის შიგნით დიდ გავლენას ახდენს“, – ამბობს ლიუკ ვიკენდენი, ენერგეტიკის კვლევის ცენტრის (გერმანია) ანალიტიკოსი, – „დრონები განსაკუთრებით არიან დამიზნებულები იმ ობიექტებზე, რომლებიც ფრონტს საწვავით უზრუნველყოფენ და იმის გამო, რომ ახლა საწვავი მოსახლეობაშიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს (ზამთარი ახლოვდება და ომის ფონზე ყველა იმარაგებს), ამიტომ მისი დეფიციტი მთელ რუსეთში შეიმჩნევა. თუ ასეთი სიტუაცია კიდევ გაგრძელდება, კრიზისი გამწვავდება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით“.
რუსეთის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) ერთი მეოთხედი სწორედ ნავთობის გადამამუშაველ ქარხნებზე, მილსადენებზე და საექსპორტო ტერმინალებზე მოდის.
დონალდ ტრამპმა ამჟამად კრემლის მიმართ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და თვლის, რომ ნავთობის (პორტით მიღებული) შემოსავლების შემცირება და მოსახლეობის უკმაყოფილება ვლადიმერ პუტინს იძულებულს გახდის, სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს და კომპრომისებზე დათანხმდეს.
აშშ-ის პრეზიდენტი ითხოვს, რომ ევროპამ მთლიანად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და თხევადი გაზის შესყიდვა და ის ქვეყნები დაისაჯონ, რომლებიც კვლავ აგრძელებენ რუსული ნავთობ-გაზის იმპორტს. დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ დაუწესებს 100%-იან სავაჭრო ტარიფებს ჩინეთს და ინდოეთს, თუ ორივე უარს არ იტყვის რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე.
აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთის 38 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სულ მცირე – 16 მაინც დაზიანდა უკრაინული დრონების შეტევისაგან. კიევი საჰაერო იერიშებს მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ახორციელებს, თანაც -რამდენჯერმე, რომ ქარხნებს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს.
აგვისტოში საწვავის დეფიციტი პირველმა იგრძნეს შორეულმა აღმოსავლეთმა (სადაც საწვავი ძირითადად სხვა რეგიონებიდან შედის) და ოკუპირებულმა ყირიმმა, შემდეგ – ვოლგისპირეთმა, რუსეთის სამხრეთმა, ბოლოს კი – ცენტრალურმა რეგიონებმა.
პროკრემლური გაზეთის – „იზვესტიის“ მონაცემებით, რუსეთის რიგ რაიონებში დაწესდა საწვავის ნორმირებული გაცემა – თითოეულ მყიდველზე ბენზინი ან დიზელი მხოლოდ 10-დან 20 ლიტრამდე. ახლახან ბენზინის დეფიციტი მოსკოვსაც შეეხო, რამაც დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის დარღვევა გამოიწვია. ადრე მოსკოვი მსგავსი პრობლემებისაგან დაზღვეული იყო.
რუსი მოქალაქეები, როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, თუ რატომ გაჩნდა საწვავის დეფიციტი. „ჩვენთან 92 მარკის ბენზინი უკვე აღარ არის და როდის გვექნება, არავინ იცის. ოფიციალურად არც იმას ამბობენ, რატომ გაჩნდა საწვავის უკმარისობა“, – ამბობს მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.
ყირიმის ხელისუფლების განცხადებით, ნახევარკუნძულზე არსებული ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი თითქმის აღარ არის: „სიტუაცია კრიტიკულია, ბევრი სადგური დაკეტილია”, – ამბობს რუსულ დამოუკიდებელ გამოცემა „მედუზასთან“ საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ბენზინის მკვეთრი უკმარისობაა ყირიმის მთავარ ქალაქებში – სიმფეროპოლში და სევასტოპოლში.
თავის მხრივ, რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსანდრე ნოვაკი აღიარებს, რომ ნავთობპროდუქტების დეფიციტი რიგ რეგიონებში ნამდვილად არის, მაგრამ დეფიციტი იფარება რეზერვების გამოყენებით. თუმცა, მისივე თქმით, ოქტომბერში პრობლემები ისევ იქნება.
რა მოხდება შემდეგ, ეს ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა უკრაინა რუსეთის ქარხნების მასირებულ დაბომბვას და თუ რუსეთი შეძლებს წარმოების ძველი ტემპების აღდგენას და ექსპორტის გაგრძელებას.
„დღეისათვის საერთო აზრი ასეთია: ნავთობის ექსპორტი სტაბილურია, მაგრამ – არამდგრადი“, – ამბობს „დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას ლიუკ ვიკენდენი.
ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი სიტუაცია კრემლის თავის ტკივილს იწვევს, მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გადაზრდილა ისეთ მწვავე კრიზისში, რომელიც რუსეთის ეკონომიკის რღვევას და სამხედრო მანქანის პარალიზებას გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, ნავთობით მდიდარი რუსეთისათვის საწვავის დეფიციტი ხელისუფლების რეპუტაციის შემლახველია, რაც მოსახლეობაში გარკვეულ იმედგაცრუებას ბადებს, თუმცა პროტესტების დონეზე მდგომარეობა ჯერ არ მისულა. რუსეთის არმიის საწვავით მომარაგებაც ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს“, – ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში ემილი ფერესი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის – RUSI-ის თანამშრომელი. ამასთან, მისი მტკიცებით, საეჭვოა, რომ სამოქალაქო სფეროში შექმნილმა ბენზინის დეფიციტმა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულოს: „სიტუაცია კრიტიკული არ არის, რუსეთს მზა ბენზინისა და დიზელის საკმაო რეზერვები აქვს, ასევე – ფინანსებიც, რომ სწრაფად აღადგინოს დაზიანებული ქარხნები. კრემლისთვის უკრაინის ომის გაგრძელებას და გამარჯვების სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვს“.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დონალდ ტრამპმა ადრინდელი აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და რომ მოსკოვი დიდი რისკის წინაშე დგას – კრემლმა შეიძლება ოკუპირებული მიწები უკრაინის სასარგებლოდ დათმოს.
მაგრამ არანაირი სიმპტომი არ არის იმისა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის სურვილს დაეთანხმება და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით მკაცრ სანქციებს დააწესებს. თეთრი სახლი დღემდე თავს იკავებს სადამსჯელო აქციებისაგან, რომ რუსეთმა ნავთობ-გაზის გაყიდვა შეამციროს. ვაშინგტონი ასევე ყოყმანობს, მკაცრი ზეწოლა განახორციელოს ევროკავშირის რიგ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს იმპორტირებენ.
მართალია, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს 2026 წელს შეწყვეტს, მაგრამ სანქციების პაკეტის მიღება ჭიანურდება. უნგრეთი და სლოვაკეთი მკაცრად უპირისპირდებიან ანტირუსულ პაკეტს, რომლის მიღება ევროკავშირის ყველა წევრის მხარდაჭერას მოითხოვს – მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა [სიტყვიერი] ზეწოლა მოახდინა პუტინის მომხრე უნგრეთის ლიდერ ვიქტორ ორბანზე, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შესაწყვეტად.
რუსეთის ეკონომიკა ჯერჯერობით უძლებს დასავლური სანქციების ქარცეცხლს, მაგრამ მისი წინააღმდეგობა ამჟამად უკვე საკმაოდ შესუსტებულია – კრემლისთვის სულ უფრო მძიმე ხდება დასავლური ემბარგოს ტვირთი, მაღალი ინფლაცია და მზარდი საპროცენტო განაკვეთები. ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამ თვის დასაწყისში „ყველაზე ეფექტური სანქცია, რომელიც ძალიან სწრაფად მოქმედებს, არის ხანძარი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, მის ტერმინალებსა და ნავთობსაცავებში“.