დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დანიის ეროვნული პოლიციის ცნობით, დრონები იმავე სქემით მოქმედებდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ კოპენჰაგენის აეროპორტთან დაფიქსირებული დრონები, რომელთა გამოც ფრენები ოთხი საათით შეაჩერეს. პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონებმა ოლბორგის ტერიტორია დაახლოებით სამი საათის შემდეგ დატოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ოლბორგის აეროპორტის დახურვამ გავლენა მოახდინა დანიის შეიარაღებულ ძალებზეც, რადგან ის სამხედრო ბაზად გამოიყენება. დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ადგილობრივ და ეროვნულ პოლიციას გამოძიებაში ეხმარებიან, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა სამშაბათს, კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, განაცხადა, რომ ეს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა იყო და მომხდარი ევროპის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრასა და სხვა დარღვევებს დაუკავშირა. დანიაში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ კოპენჰაგენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ეჭვები უსაფუძვლოა.
