ლევან ღამბაშიძე: დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი…

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი, გადახედეს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში განათლებული საზოგადოების წინააღმდეგობას და დაასკვნეს, რომ სტუდენტებისათვის და პროფესორებისთვის რამე უნდა მოეხერხებინათ.
შედეგად: გამოაცხადეს, რომ უნივერსიტეტებს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს მოაშორებენ და ერთ მეგა უნივერსიტეტს ააშენებენ რუსთავში; რომ ერთ ქალაქში ერთზე მეტი მსგავსი ფაკულტეტი თუ არსებობს ეს ცუდია და მხოლოდ ერთი დატოვეს; რომ ამდენი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტი საერთოდ არ არის საჭირო და სჯობს უფრო მეტი ხალხი პროფესიულ განათლებას თუ მიიღებს; რომ სკოლას საქართველოში თუ დაამთავრებ, საქართველოში უნდა დაეტიო და საზღვარგარეთ სწავლა არ არის საჭირო, მაგრამ თუ მაინც გინდა, პრობლემა არ არის, ლონდონში ბევრი ბორდინგ სქულია და სულ რაღაც სამასიათასად შეგიძლია იქ წახვიდე; რომ ზოგადად ძალიან ბევრი ისეთი რამე ისწავლება, რაც საერთოდ არ არის საჭირო, მაგალითად ევროპისმცოდნეობა და სხვა მსგავსი პაჭიპუჭი საგნები, შესაბამისად უნივერსიტეტებს პროგრამები დაუხურეს…
ასევე განაცხადეს, რომ სწავლა იქნებოდა უფასო და რომ მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდებოდა.
არც უფასო აღმოჩნდა და ადგილებიც შემცირდა.
შედეგად: მომსპარი საგანმანათლებლო გარემო, ცოტა ხანში რამდენიმე დახურული უნივერსიტეტი, უმივერსიტეტს გარეთ დარჩენილი ათასობით ახალგაზრდა და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავალი.
ვინ მოიგო? საზოგადოებამ? არა. რატომ? იმიტომ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, არა პოლიტიკის იმ გაგებით, რომელიც საზოგადოებაზე ზრუნვას მოიცავს, არამედ იმ გაგებით, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას გულისხმობს. ყველა ამ გადაწყვეტილების ამოცანა იყო საზოგადოების უფრო დაჩაჩანაკება, განათლების სისტემის მიღმა უფრო მეტი ადამიანის დატოვება, უფრო მორჩილი მოქალაქეების ჩამოყალიბება და წინააღმდეგობის ყველა შესაძლო კერის გამადგურება.
არა ხო, სულ საკუთარ და თქვენს შვილებზე ზრუნდავდა ხალხი, რომლის არცერთი შვილიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში არ სწავლობს.
რას ვიზამთ, სამწუხარო შედეგია. და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ისეთივე წინასწარგანჭვრეტადი, როგორიც რეჟიმის ყველა სხვა ავტოროტარული ნაბიჯი. სანამ თქვენ იძახდით, რომ ყველაფერი პოლიტიკა არაა, მიიღეთ სახელმწიფო, სადაც უბრალოდ თვალს ვერ დახუჭავთ იმ ფაქტზე, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. და ისევ, არა პოლიტიკის სწორი, არამედ გაუკუღმართებული გაგებით, სადაც პოლიტიკა პარტიის სინონიმია.
კი, დღეს ყველაფერი პარტიაა, ყველგან პარტიაა და თუ რამე არ გაკმაყოფილებთ, კი იცით ვინ უნდა იყოს თქვენი უკმაყოფილების ადრესატი. (ბარემ დაგიზუსტებთ: ეგ ადრესატი დიფსთეითი არაა. და არც პარტია, რომელიც უკვე თოთქმეტი წელია ხელისუფლებაში არ არის. და არც არასამთავრო ორგანიზაციები.და არც… ხვდებით ალბათ უკვე)