ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში მივიდა, სადაც საბოტაჟის საქმეზე გამოიკითხება

იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი ან რატომ ვიყიდე აირწინაღი, აქციის იმ მონაწილისთვის, რომელსაც მხუთავი აირით ხუთავდნენ ,- ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოიკითხება.
როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, სწორედ ოთარ ფარცხალაძის ფაქტორის გამო გრძნობს ის პროკურატურაში მორალურ უპირატესობას და გამოკითხვის ადგილადაც არა სასამართლო, არამედ პროკურატურა აირჩია.
„სასამართლოში რაღაცნაირად შემცირებულია უფლებები ორივე მხრიდან, პროკურატურაში უფრო მეტი საუბრის შესაძლებლობაა, მათ შორის, მე შემიძლია, პროკურორს ვკითხო, რას ფიქრობენ ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც იყო ბოტასების ქურდი, მერე გახდა რომანოვი, მერე კალას, კანონიერი ქურდის, მეგობარი, შემდეგ ამ სისტემის, ამ ხალხის ხელმძღვანელი იყო ფარცხალაძე, რომელიც ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელი იყო, რომელიც ძველი ბიჭების ხელმძღვანელი იყო და რომლის გვარიც დღეს „ქართული ოცნების“ მიერ აღძრულ კანონიერი ქურდის ძმის საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი ან რატომ ვიყიდე აირწინაღი, აქციის იმ მონაწილისთვის, რომელსაც მხუთავი აირით ხუთავდნენ. შესაბამისად, აქ მგონია, რომ მორალური უპირატესობა ჩემკენაა და გაცილებით უფრო მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა მაქვს, მეტი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მაქვს. მაინტერესებს ის კაცი, მე რომ მეკითხება საწვიმარზე, რას გრძნობს გათეთრებულ ნახევარ მილიარდზე. ჩემთვის მაინც მთავარი მორალური უპირატესობა აქ გადის ბატონ ფარცხალაძეზე, რომელიც არის კრიმინალი.“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ის აპირებს ტელეკომპანია „იმედს“ უჩივლოს ცილისწამებისთვის, უფრო კონკრეტულად კი ეთერით იმის გამოცხადებისთვის, რასაც მას პროკურატურა არ ედავება.
„მე ვაპირებ, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ვუჩივლო, იმიტომ რომ, ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაცხადა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა შეიძინა ფოიერვერკები, რასაც პროკურატურაც კი არ ამბობს ანუ პროკურატურაც კი არ მეუბნება, რომ ფოიერვერკი შევიძინე და ტელეკომპანია „იმედმა“ გადაცემა „კვირაში“ ჟურნალისტმა თქვა სამარცხვინო ტყუილი. თანხა მოვახმარე არა აქციებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პოლიცია სცემდა, პირში აფურთხებდა, ქორწინების ბეჭდებს ართმევდა, ამცირებდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა გოგოებს. პოლიცია ამ ხალხს ასე რომ ექცეოდა, მე ვცდილობდი, რომ მათ ჰქონოდათ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ასევე, ჰქონოდათ საწვიმარი, ლობიანი და ასევე, ჰქონოდათ აირწინაღი, რაც იყო დეკლარირებული, ღია, ფეისბუქზე იწერებოდა სად და როგორ იხარჯებოდა, განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ გათეთრებული მილიარდებისგან და ჯიბეში ჩადებული ფულებისგან. გადახდილი ჯარიმებიც ტელეკომპანია „იმედის“ ხელისუფლების ჯიბეში მიდიოდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვრიცხავდით ბიუჯეტში, სხვათა შორის, 130 მილიონი შევიდა და კაცმა არ იცის ეგ ფული სადაა წასული, სავარაუდოდ ეგეც მოიპარეს.“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს