აშშ-ს ომის დეპარტამენტის პრესრელიზის მიხედვით, 22 სექტემბერს ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ესტონელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურს ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
“მინისტრმა ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ომის დეპარტამენტი NATO-ს ყველა მოკავშირის გვერდით დგას და რომ ნებისმიერი შემოჭრა NATO-ს საჰაერო სივრცეში მიუღებელია.” – წერია განცხადებაში.
პრესრელიზის მიხედვით, პიტ ჰეგსეთმა ასევე შეაქო ევროპელი მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის სწრაფი რეაგირება და დაამატა, რომ კონსულტაციებს მართავს აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩთან, რომელიც ასევე NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურია ევროპაში.
“NATO-ს საჰაერო სივრცეში რუსეთის შემოჭრა მიუღებელია. ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს და მიესალმება მოკავშირეების სწრაფ, მტკიცე პასუხს.” – დაწერა X-ზე პიტ ჰეგსეთმა.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ “დიახ, ასე ვფიქრობ”.