ევროკავშირში საქართველო დაიგნორებულია, – ამის შესაებ “პირველებთან” ინტერვიუში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იზოვიაკი საუბრობს.
მისი თქმით, გასული წლის სადავო არჩევნების შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაღალჩინოსნებთან საქმეს აღარ დაიჭერდა და ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
იოზვიაკის შეფასებით, ხუთი წლის წინ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ასეთ შეხვედრაზე მოიწვევდნენ, დღეს კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურთიერთობას აღარ ცდილობენ, რაც პირდაპირი სიგნალია, რომ მას სრულად ლეგიტიმურად აღარ თვლიან.
მიიწვიეს ყველა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ გასულ წელს ძალიან სადავო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან საქმეს აღარ დაიჭერენ. აქამდე ასე აკეთებდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ. 5 წლის წინ საქართველო იქნებოდა პირველი, ვისაც აქ შეხვედრაზე მიიწვევდნენ. ევროკავშირში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქმეს არ იჭერენ. ეს, პრაქტიკულად, ნიშანია იმისა, რომ მათ სრულად ლეგიტიმურად არ თვლიან. ყველაფერს, რასაც “ქართული ოცნების” მთავრობა აკეთებს, თუნდაც განცხადებები, აჩვენებს, რომ ისინი ბრიუსელს სულ უფრო შორდებიან. ალბათ მოუსმენთ იმ გრძელ განცხადებას, რომელიც ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გააკეთა. მან ევროკავშირის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა. მან ისაუბრა დასავლეთ ბალკანეთზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. სად არის საქართველო? გამქრალია. საქართველო ახლა იგივე მდგომარეობაშია, უფრო უარესშიც კი, ვიდრე თურქეთი. თურქეთი ისევ კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირი, გარკვეულწილად, საქმეს იჭერს თურქეთთან, მაგრამ არა გაფართოების კუთხით. იგივეა საქართველოსთანაც – დაიგნორებულია, – განაცხადა იოზვიაკმა.
ევროკავშირში „ქართული ოცნების“ იგნორი გრძელდება. ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ დაპატიჟეს. შეხვედრას, სადაც კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყნის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, საქართველოდან მხოლოდ ელჩი მიიწვიეს.
„ქართული ოცნება“, რომელიც იზოლაციაშია მოქცეული და ბრიუსელის მხრიდან არაღიარებულ პარტნიორ ძალად მიიჩნევა, დემარშს მიმართავს: მიუხედავად მოწვევისა, შეხვედრაზე ელჩსაც არ უშვებენ.
მინისტერიალის მთავარი თემა უსაფრთხოება და ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო მაღალი დონის დისკუსიებში ფაქტობრივად გამოეთიშა.