ლოტკინზე ორი შენობა აფეთქდა, ერთი ადამიანი დაშავდა

ორი აფეთქება მოხდა წუხელ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, სამღერეთის ქუჩაზე.
ერთი ადამიანი დაშავდა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „ტვ პირველს“ უთხრა, რომ ახალგაზრდა გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„დაახლოებით არის 48% დამწვრობა. ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზების დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში. სავარაუდოდ, გაზს აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანება“, — განაცხადა ქაშიბაძემ.
ადგილობრივების ცნობით, აფეთქებები სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. დაახლოებით 18 საათზე ჯერ ერთი შენობა აფეთქდა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ — მეორე. ერთი შენობა საცხოვრებელი სახლია, ხოლო მეორე — კომერციული ფართი.
„ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის. აღარ ვიცი, რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას. წუხელ ჩვენს წინ შენობა აფეთქდა. 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბედნიეროდ. ამის შემდეგ ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-მეთქი. იქედნურად ზურგი მაქცია და 114 (თბილისი ენერჯი) იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო. რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით [მეორე] აფეთქება და ნგრევა“, — წერს სოციალურ ქსელში ლაშა შეროზია, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეო მასალები გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები გაზის სუნს ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ორი დღეა, გრძნობდნენ.
-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა და ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს