26 სექტემბერს, 20:00 საათზე, ილიაუნიში პირველკურსელების მიღების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას გახსნიან და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან დარახველიძე.
„ტრადიციულად, ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან პირველკურსელები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გაიმარჯვეს.
სტუდენტებსა და სტუმრებს ღონისძიებაზე დახვდებათ საინტერესო შემეცნებით-გასართობი და ინტერაქტიური პროგრამები, სახალისო ქვიზები და სამახსოვრო საჩუქრები; საინფორმაციო სივრცეები სწავლასა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ფოტოსივრცეები, სპორტული თამაშები, ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტების მიერ მომზადებული ნაციონალური კერძები და, რაც მთავარია, სასიამოვნო გარემო უნივერსიტეტის გასაცნობად და ახალი მეგობრების შესაძენად.
სტუდენტებს უმასპინძლებს ილიაუნის სტუდენტური კლუბები:
სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი
იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბი
სამაგიდო თამაშების სტუდენტური კლუბი
ფოტომოყვარულთა სტუდენტური კლუბი
ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი
სტუდენტური თეატრალური კლუბი
ტურიზმის სტუდენტური კლუბი
სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბი
სტუდენტური კლუბი Publicity
სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი
სტუდენტური კაპელა
გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტური კლუბი
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბი
ფრანკოფონული სტუდენტური კლუბი
ILIAUNI Intercultural Unity student Club
წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატური კარავი:
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი − სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას საინტერესო საკითხებზე, მათ შორის სასწავლო პროცესზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, სეზონურ სკოლებზე, სპორტულ აქტივობებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.
კიბერლაბორატორია უნილაბი − წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული პროგრამა. სტუმრები შეძლებენ მონაწილეობას სახალისო ინტერაქტიურ ქვიზებში, გაუგზავნონ საკუთარ თავს წერილი, რომელსაც 4 წლის შემდეგ მიიღებენ, გამოიცნონ, რა დევს „მისტიკურ ყუთში“.
უნიპოდკასტი „თქვი რომ გაიხსენო“ − მონაწილეობას მიიღებენ უნიპოდკასტში, გასცემენ შეკითხვებზე პასუხებს და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს.
ფაბლაბი − დაათვალიერებენ ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მონაწილეებს, სამომავლოდ, კარიერულ განვითარებასა და ინოვაციური პროექტების რეალიზებაში დაეხმარება.
არგუსი − გაეცნობიან არგუსს − სწავლისა და საგანმანათლებლო-ტექნიკური პროცესების დაგეგმვისთვის საჭირო ელექტრონულ სისტემას.
ბიბლიოთეკა − ილიაუნის ბიბლიოთეკის კარავში მიიღებენ ინფორმაციას სამკითხველო დარბაზებსა და სერვისებზე.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები − კარავში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაზე.
ილიაუნის გასვლითი ბანაკები − სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ილიაუნის კვლევით ბაზებზე, როგორ შეუძლიათ მონაწილეობა სეზონურ სკოლებში.
სამეცნიერო კაფე − დამსწრეებს ელოდებათ დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა წარმატებული ტექნოლოგიური კარიერის დაგეგმვა, ჰუმანიტარული მეცნიერებების როლი AI-ის ეპოქაში და მეცნიერების გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იხ.პროგრამა
სპორტული თამაშები − მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ გასართობ პროგრამასა და შეჯიბრებაში.
დრო: 26 სექტემბერი, 20:00–00:00. ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ვაკის პარკის მოპირდაპირედ) დასწრება თავისუფალია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
