„კავკასიური სახლის“ განცხადებით, 22 სექტემბერს მათაც მიიღეს სპეციალური წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან, რომლითაც უწყება მათგან მრავალი დოკუმენტის გადაგზავნას ითხოვს.
„ბიუროში უნდა წარვადგინოთ „კავკასიურ სახლსა“ და დონორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტები, აღნიშნული კონტრაქტების ეგიდით მომზადებული შრომის ხელშეკრულებები და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაცია.
„კავკასიური სახლი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი საზოგადოებრივი ინსტიტუტია. 1999 წლიდან გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. არსებობის მრავალი ათეული წლის განმავლობაში არასდროს არაფერი გვქონია დასამალი, აუდიტის დასკვნებს ყოველწლიურად ვასაჯაროებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვემხრობით გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ პრინციპებს“, – ნათქვამია „კავკასიური სახლის“ განცხადებაში.
როგორც „კავკასიური სახლი“ აცხადებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების მიზნით შექმნილი კანონების ამოცანა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ არის.
„ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და შეავიწროვოს, სამშობლოს მოღალატედ და უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ავტორიტარულ ტენდენციებს შეეწინააღმდეგება, გააპროტესტებს ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულ ძალადობასა და რეპრესიებს.
ჩვენს გაოცებასა და საშინელი უსამართლობის განცდას იწვევს ისიც, რომ კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის (თავდაცვის სამინისტროს სკანდალი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის გათეთრების საქმე) ანტიკორუფციული ბიურო თავის დროსა და რესურსებს ხარჯავს „კავკასიური სახლის“ მსგავსი, ხელმოკლე კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ფინანსების მიკროსკოპული სიზუსტით შემოწმებაში.
მოვუწოდებთ „კავკასიური სახლის“ მეგობართა კლუბის წევრებს და ჩვენს გულშემატკივრებს ყურადღებით მიადევნონ თვალი ჩვენს ორგანიზაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთობების განვითარებას. სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი თანადგომა“, – ნათქვამია „კავკასიური სახლის“ განცხადებაში.
22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები, სადაც ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას.




