თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

საზოგადოებაში ეს აღქმული არ არის, როგორც კონკურენტული არჩევნები. მიჩნეულია, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს იყენებს იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შესძინოს საკუთარ ხელისუფლებას , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, თენგო თევზაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
თევზაძის თქმით, “ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნებით ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს, მაგრამ ხელისუფლების ნორმალიზებას მოახერხებს.
როგორც მან განმარტა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოებში შევლენ.
“ძალიან საინტერესო შეთავაზებაა, დილით არჩევნებზე მიდიოდე და საღამოს რევოლუციას აწყობდე. 28 ოლქში, სადაც ერთი კანდიდატია და ისიც “ქართული ოცნების”, სად ვეპატიჟებით ამ ხალხს? ამ 28 ოლქიდან 26-ში მარტოა “ქართული ოცნება” და ორში დამოუკიდებელი კანდიდატია. შეკითხვა მაქვს, თიანეთელს არ ვეპატიჟებით და ყაზბეგელს ვეპატიჟებით არჩევნებზე? მაშინ რა უნდა გამოვგლიჯოთ? ვერ იპოვეს კანდიდატები, რადგან არ აქვთ ადამიანური რესურსი, მარტო ფული ხომ არ არის არჩევნები?
კიდევ ერთი საკითხი, დაახლოებით 30-მდე ოლქია, სადაც ოპოზიციას უბრალოდ ტექნიკური კანდიდატი ჰყავს, რომელთაც პლაკატის იქეთ, არანაირი აქტივობა არ ჰქონია და ცნობადობა არ გააჩნია. პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს მათ მიმართ, მაგრამ თუ მათ სურთ, რომ “ქართულ ოცნებას” კონკურენცია გაუწიონ, იმ რაიონში ხომ უნდა იცნობდნენ ადამიანს?
საზოგადოებაში ეს არჩევნები აღქმული არ არის, როგორც კონკურენტული არჩევნები. მიჩნეულია, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს იყენებს იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შესძინოს საკუთარ ხელისუფლებას, ოღონდ “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ ამ არჩევნებით ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, თუმცა, შეუძლია სიტუაციის ნორმალიზება, ანუ თუ “ლელოს” წევრები 6-7 ოქტომბერს იტყვიან, რომ შედიან საკრებულოში, ეს არჩევნები გახდება ნორმალიზების შესაძლებლობა”, – განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, ის ძალიან გულშემატკივრობს 4 ოქტომბერს ს საქართველოდან წასვლას. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, კოალიციას დიდი ადამიანური რესურსი გააჩნია და 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ბევრნი იქნებიან.
“ჩვენ ყველა დღეს პროტესტში ვიქნებით. მანამდე 27-ში (სექტემბერს) ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი იქნება. 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრნი. ჩვენ ვართ კოალიცია და ყველაზე მეტი ადამიანური რესურსი გვყავს შენარჩუნებული, ბევრნი ვიქნებით და საზოგადოება ამას ნახავს 4 ოქტომბერს, თუმცა 4 ოქტომბერს ჰყავს თავისი ორგანიზატორები. ჩვენ დაველოდებით ორგანიზატორების პოზიციასა და მოწოდებებს.
ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში აღარ იყოს. თუ ასე არ მოხდა და იმ დღეს ეს არ დასრულდა, 5 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” არ უნდა იცოდეს, რომ მოახდენს სიტუაციის ნორმალიზებას. ისევ გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი და “ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ლეგიტიმაციასთან ერთად ვერ შეძლებს სიტუაციის ნორმალიზებას, ანუ იგივე კრიზისში იქნება, როგორ კრიზისშიც არჩევნებამდე იყო”, – განაცხადა თენგო თევზაძემ.