რუსეთში მობილიზებული სამხედროების ფრონტიდან დაბრუნება კრიმინალისა და პოლიტიკური რყევების ზრდის საფრთხეს ქმნის. შესაბამისად,კრემლი ომის მონაწილეებს სამომავლო საფრთხედ აღიქვამს. ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ პუტინის დაპირების გულწრფელობაშიც, რომ ომის ვეტერანებისგან ის „ახალ ელიტას“ შექმნიდა.
“ვლადიმირ პუტინი ფრონტიდან სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ დაბრუნებას უფრთხის, რადგან ეს პროცესი შეიცავს მის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის პოტენციურ რისკს”, – ამის შესახებ დაწერა Reuters-მა კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიზანია თავიდან აიცილოს 1990-იანი წლების ვითარების განმეორება, როდესაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნებამ ხელი შეუწყო ორგანიზებული დანაშაულის ზრდას.
უკრაინიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების შემოსავალი ახლოსაც კი ვერ მივა იმ თანხებთან, რომლებსაც ისინი ახლა, ფრონტზე ყოფნისას იღებენ. ეს გარემოება მათ მასობრივ უკმაყოფილებას გამოიწვევს, – შენიშნავს Reuters-ი. ამიტომ კრემლი, პუტინის დავალებით, ომის ვეტერანებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
ამ ძალისხმევის ფარგლებში, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარნენ. ექსპერტები მოელიან, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ყოფილ სამხედროებს მომავალ წელსაც დაეხმარება სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) არჩევნებში. ამავდროულად, მოსკოვიდან სხვა წინადადებებიც გაისმის. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, სერგეი კარაგანოვი გამოვიდა ინიციატივით, გაიგზავნონ ომის ვეტერანები ციმბირის ასათვისებლად.
2025 წლის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, 1,5 მილიონზე მეტმა რუსმა კაცმა და ქალმა მიიღო მონაწილეობა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოცემა „ვიორსტკას“ გამოთვლით, ფრონტიდან დაბრუნებულმა სამხედროებმა 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს.
რუსი მწერალი და Z-საზოგადოების მკვლევარი ივან ფილიპოვი დარწმუნებულია, რომ ომის მონაწილეების დაბრუნების შემდეგ რუსეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
“რუსეთი აღმოჩნდება ისეთი პრობლემების წინაშე, რომელთა მასშტაბის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა განსხვავება იქნება ე.წ. „სვო“-ს (СВО – სპეციალური სამხედრო ოპერაცია – ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან ომს) ვეტერანებსა და წინა ომების ვეტერანებს შორის. პირველ რიგში, ფრონტიდან დაბრუნდებიან “ზეკები” (პატიმრები), მათ შორის მძიმე დანაშაულებისთვის, ძარცვისთვის, გაუპატიურებისთვის, მკვლელობებისთვის გასამართლებული პირები. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. მეორეც, ფრონტიდან დაბრუნდებიან დრონების ოპერატორები. ტრადიციულად, ყველაზე საშიშებად ითვლებოდნენ სნაიპერები, რადგან სნაიპერი თავისი მსხვერპლის სახეს ხედავს. მათგან განსხვავებით ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ომში ყველაზე მეტ სიკვდილზე, იქნებიან ეს პილოტები, რომლებიც ბომბებს ყრიან ან არტილერისტები, რომლებიც შორიდან ისვრიან საშინელ ჭურვებს, ვერ ხედავენ თავიანთი მოქმედების შედეგებს. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტორების კომბინაციას. დრონების ოპერატორი არის მასობრივი მკვლელი, რომელიც ყოველ ჯერზე დეტალურად ხედავს, თუ როგორ კვდება მისი მსხვერპლი”, – ეუბნება რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The Current Time-ის რედაქციას ივან ფილიპოვი.