აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს – მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“

აქტივისტი ნიკა ნარსია დედაქალაქის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. მიზეზი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ნიკა ნარსია მის წინააღმდეგ ორი დღის წინ, 18 სექტემბერს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ქვეყანაში დროზე ადრე დაბრუნდა:
„გადმოვწიე ფრენა იმის გამო, რომ მოვასწრო 4 ოქტომბრამდე [როცა აქციაა დაგეგმილი] გამოსვლა“.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ნიკა ნარსიას ადვოკატს, გიორგი ტაბატაძეს. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტს „გზის გადაკეტვისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19-ჯერ დააჯარიმა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი კი კიდევ ერთ შემთხვევას განიხილავდა.

დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელიც დემონსტრანტების უფლებებს ზღუდავს. მათ შორის, შეცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მასში ჩაწერა, რომ თუ ვინმე „გზის გადაკეტვის“ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის შემდეგი დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.
ფორუმი