ვისკის საქმე: გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პატიმრობა შეუფარდეს 16 სექტემბერს გორში დაკავებულ 7 პირს. მათ შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი. ასევე, გიორგი ბიბილაშვილი, თენგიზ გულორდავა, გრიგოლ ქავთარაძე, ალექსანდრე კურტანიძე და ქართლოს ჯავახაძე.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
პროკურატურა მათ “განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას” ედავება.
პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი მათ პატიმრობას მოითხოვდა. ის ყურადღებას ამახვილებდა დანაშაულის სიმძიმეზე და გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან გამოძიების ობიექტურად ჩატარებისთვის ხელის შეშლის რისკებზე. ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე. გარდა ამისა, პროკურორმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულები შესაძლოა დაემალონ მართლმსაჯულებას.
“დანაშაულის ჯგუფის წევრებს ორგანიზებული ქმედებების შედეგად დიდი შემოსავალი აქვთ მიღებული, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ მიმალვას”, – განაცხადა პროკურორმა სხდომაზე.
პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა დაკავებულების შესახებ თქვა, რომ ისინი არიან “კარგად მობილიზებული და შენიღბული ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წლების გამავლობაში სჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებებს”. მისი თქმით, დაკავებულები, “დანაშაულებრივი ჯგუფის” წევრები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ჰქონდათ როლები განაწილებული. პროკურორის თქმით, ბრალდებულთა ქმედებები იყო წლების განმავლობაში “კარგად დაგეგმილი, გააზრებული და სისტემატური”.
ადვოკატები მოითხოვდნენ ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთოს ღონისძების შეფარდებას. მათ ნაწილი მზად არის გადაიხადოს გირაოც. მაგალითად, გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის შემთხვევაში 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის მზაობა გამოითქვა, ქართლოს ჯავახიძის შემთხვევაში – 30 000-ლარიანი, ალექსანდრე კურტანიძის, გიორგი ბიბილაშვილისა და გრიგოლ ქავთარაძის შემთხვევაში – 20-20 ათასი- ლარიანი, გიორგი კანდელაკის შემთხვევაში – 100 000- ლარიანი, თენგიზ გულორდავას შემთხვევაში – 5 000 ლარიანი.
ადვოკატების განცხადებით, თუ მოსამართლე ჩათვლის საჭიროდ, მზად არიან გადაიხადონ შეთავაზებულზე მეტი თანხა. დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს სხვა შემზღუდავ ღონისძიებებზე. მათ შორის, პასპორტის ჩამორთმევაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე, კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის აკრძალვაზე და ა.შ. ყველაფერზე, გარდა პატიმრობისა.
ადვოკატმა თამარ კუჭავამ, რომელიც მათ შორის ბორის გოგიჩაიშვილის ინტერესებს იცავს, ყურადღება გაამახვილა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ადვოკატმა თქვა, რომ გორის საკრებულოს მოქმედ დეპუტატს აქვს “უმძიმესი დაავადება და დიაგნოზი” და ” მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული”. მისი თქმით, გოგიჩაიშვილმა უკანასკნელი ერთი წელი თითქმის სრულად გაატარა თურქეთში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. კუჭავამ მოსამართლეს შეახსენა, რომ გოგიჩაიშვილმა დამოუკიდებლად საკუთარი ვინაობის წარდგენაც კი ვერ შეძლო და ეჭვქვეშ დააყენა ამ პირობებში მისი გამოკითხვის ოქმის ლეგიტიმურობა. მით უფრო, რომ კუჭავას თქმით, გამოიკითხა ადვოკატის გარეშე, გვიან ღამით.
რაც შეეხება გიორგი კანდელაკს, როგორც მისმა ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, მისი სახელი მხოლოდ ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებაში ფიქსირდება. ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, იმ პირობებში, როცა გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი გამოკითხვის ოქმის ლეგიტიმურობა, დაუსაბუთებელია გიორგი კანდელაკისთვის პატიმრობის შეფარდება. გარდა ამისა, კანდელაკის ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ კანდელაკს აქვს ბიზნესი საქართველოში, ქონება, რომელიც მისი შრომით დააგროვა, ჰყავს ოჯახი და კავშირები საქართველოში, ამიტომ მისი გაქცევის რისკებზე საუბარი უსაფუძვლოა. სხდომაზე ისაუბრა თავად კანდელაკმაც და თქვა, რომ მას სთხოვეს ბორის გოგიჩაიშვილისთვის ადვოკატის მიყვანა. ის ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით მივიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც კამათი მოუვიდა, რადგან მის მიერ მიყვანილ ადვოკატს გოგიჩაიშვილთან არ უშვებდნენ. კანდელაკი სწორედ ამ კამათსა და ხმაურს უკავშირებს მის დაკავებას.
“საერთოდ რაზე ვარ, ვერ ვხვდები. ერთადერთი გუშინწინ საღამოს მთხოვეს ოჯახის წევრებმა ჩამეყვანა ადვოკატი. შეკამათება იყო, სამჯერ გამომაგდეს ეზოდან – ადამიანი ცუდად არის, შეუშვით ადვოკატი-მეთქი. სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, წადი შენ, აქ რა გინდაო, ნუ ხმაურობო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენი გაცნობა უნდოდა. ავედი და … ეტყობა, ამ კამათში, ცუდად რომ მოგვივიდა კომუნიკაცია, მაგიტომ. არც ვიცნობ ამ ხალხს. ჩემი ჯგუფის წვერები არიანო, არც ვიცნობ”, – განაცხადა მან სხდომაზე.
რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილსა და ალექსანდრე კურტანიძეს, რომლის ინტერესებსაც ასევე თამარ კუჭავა იცავს, მან პროკურორს სთხოვა დაესახელებინა, რა როლს და ფუნქციას ასრულებდნენ ისინი საწარმოში და ჰკითხა, რით შეუძლია უწყებას იმის დადასტურება, რომ ისინი, როგორც საწარმოს რიგითი დასაქმებულები – მუშები, ჩართული იყვნენ საწარმოო პროცესის ორგანიზებასა და დაგეგმვაში. მისი თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, რომ საწარმოში დამზადებული საქონელი საქართველოს ფარგლებში რაიმე ფორმით იყო რეალიზებული, ან საერთოდ, საწარმოს ტერიტორიიდან გატანილიც კი.
ქართლოს ჯავახიძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებულთაგან მხოლოდ რამდენიმესთან აკავშირებს ნაცნობობა. ადვოკატის თქმით, პროკურატურა ვერ იპოვის ჯავახიძისა და დანარჩენ ბრალდებულებს შორის სატელეფონო, ან სხვა რაიმე ტიპის კომუნიკაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ადვოკატის თქმით, გულორდავა ემიგრაციიდან საქართველოში მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდა არა ბიზნესსაქმიანობისთვის, არამედ ძმისშვილის გარდაცვალების გამო.
“გამოძიება გვედავება, რომ 2022 წელს შეიკრიბნენ და დაიწყეს დანაშაულებრივი მოქმედებები. 2023 წლის 17 აგვისტოს ჩამოვედი ამერიკიდან. 2022 წლიდან როგორ ვიქნებოდი მათთან?! ვიცნობ ბატონ ბორიას და გიორგის, ქავთარაძეს. დანარჩენი ვინ არიან, არ ვიცი. რატომ ვარ, რატომ ვზივარ აქ, არ ვიცი. არც დარეკილი მაქვს რომელიმესთან, არც ნომერი მაქვს. თუ ვთანამშრომლობდით, ხომ უნდა მქონდეს დარეკილი, ან დალაპარაკება, ან ზარი, ან სურათები … დარწმუნებული ვარ, არავის არ უწერია ჩემი ნომერი. ამოიღოს გამოძიებამ და ნახოს. აქამდე რატომ არ უნახავთ?! გიორგი კანდელაკი ბოლოს ვნახე შარშან, მე რაზეც ჩამოვედი – ძმისშვილი დამეღუპა, 22 წლის ბიჭი, იმის წლისთავზე ვნახე. ბატონი ბორია კიდევ ვნახე წელიწად-ნახევრის წინ, სამძიმარზე. გავიარე, როგორც ყველას, ხელი ჩამოვართვი. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს. 1-2 თვის წინ გავიგე, ავად არის, ასეთი დაავადება აქვს და თურქეთში მკურნალობსო. რატომ არის ქ, მე რატომ ვზივარ, არ ვიცი”, – განაცხადა სხდომაზე გულორდავამ.
თენგიზ გულორდავას ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფნის საქმესთან კავშირს დაადასტურებს. ადვოკატმა ისაუბრა გულორდავას დაკავებისას მისი უფლებების დარღვევაზე – იმაზე, რომ მას არ მისცეს ადვოკატთან დროულად დაკავშირების შესაძლებლობა მაშინ, როცა თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით გულორდავას ადვოკატი მიუთითებდა, რომ საქმის მასალებში არ დევს მტკიცებულება, რომელიც პროკურორის მიერ დასახელებული მასალების გამოშვებას და მით უფრო, რეალიზაციას დაადასტურებს.
“არცერთი არ მიცნობს, არც მე ვიცნობ. 2022 წელს გლდანის ციხეში ვიჯექი – 7 თვით ვიყავი დაპატიმრებული და ამის საშუალება არ მქონდა, არც დარეკვის საშუალება მქონდა, არც წერილის, და როგორ მოვახერხე ეს უცნობ ხალხთნა ერთად, არ ვიცი”, – განაცხადა გულორდავამ სხდომაზე.
გრიგოლ ქავთარაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნებაყოფლობით მივიდა გამოკითხვაზე, ჩააბარა გამოძიებას საკუთარი მობილური ტელეფონი – მათ შორის უკარნახა პინ-კოდი, რაც ადასტურებს, რომ გამოძიების დაწყების პირველივე წუთებიდან მზად იყო თანამშრომლობისთვის. ღურწკაიამ მოსამართლეს მიუთითა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლის შესახებაც საჯაროდ არ ისაუბრა, თუმცა მოსამართლეს მიაწოდა სამედიცინო დოკუმენტები და სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ესეც გაეთვალისწინებინა.
პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში უკვე დევს ბრალდებულებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათ შორის, იმის შესახებ, თუ რა ფასად და ვისთვის უნდა მიეყიდათ უკანონოდ წარმოებული პროდუქტი. რაც შეეხება რეალიზაციას, პროკურორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, სად ახდენდნენ ბრალდებულები მათ მიერ სავარაუდოდო უკანონოდ წარმოებულო ალკოჰოლური სასმლისა და უაქციზო სიგარეტების რეალიზაციას.