ადვოკატი – გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის ფულადი თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება, არც ერთი ბოთლი არ არის რეალიზაციაში გასული და რომელ სარგებელზეა საუბარი? კანდელაკი ადგილზეც არ არის ნამყოფი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ადვოკატები მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობენ.
ადვოკატები სასამართლოს გირაოსთან ერთად სხვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებასაც სთავაზობენ, როგორიცაა, პასპორტის ჩამორთმევა, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ა.შ.
ადვოკატი ლანა ცერცვაძე კანდელაკის წარსულსა და მის რეპუტაციაზეც ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ის აღნიშნავდა, კანდელაკი წარსულში ნასამართლევი არაა და მას ქვეყანა არაერთხელ უსახელებია.
„გიორგი კანდელაკი ბორის გოგიჩაიშვილის [გორის საკრებულოს წევრის] ჩვენებითაა აქ. გოგიჩაიშვილი ვერც კი წაიკითხავდა, არათუ მოჰყვებოდა ამას.
ერთადერთი, რის გამოც, კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია. კაცი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს და ვერ წაიკითხავს ამას, როგორ შეიძლება ვინმეს დაკავების და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საფუძველი ეს გახდეს?
გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის ფულადი თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება… არც ერთი ბოთლი გასული არ არის კონკრეტული ადგილიდან, რეალიზაციაში არაა გასული და რომელი სარგებლის მიღებაზეა საუბარი? ბატონი გიორგი ადგილზეც არ არის ნამყოფი”, – განაცხადა ცერცვაძემ.
კანდელაკის კიდევ ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, კანდელაკის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს.
ადვოკატის თქმით, კანდელაკის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხე არაა. მისივე განმარტებით, კანდელაკი ბიზნესმენია, ის ლეგალურ ბიზნესს ფლობს და ბევრი დასაკარგი აქვს, თუკი, საქართველოდან გაიქცევა.
„ყველანი ციხეში“ – ასე გამოსდის ბრალდებას”,- განაცხადა მოსიაშვილმა.
მისი განმარტებით, „100 000-ლარიანი გირაო ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ შიშს, მაგრამ მაინც არსებულს, უზრუნველყოფს“.
მოსიაშვილმაც მის კოლეგასთან ერთად, სასამართლოს კანდელაკის მიმართ სხვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზა.
ის კანდელაკის პიროვნებასა და მის როლზე სპორტულ საზოგადოებაში ამახვილებდა ყურადღებას. ადვოკატის თქმით, გიორგი კანდელაკის მოწვევით, მასთან სტუმრად ჩამოდის მსოფლიოში ცნობილი მოკრივე ლენოქს ლუისი.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე