10 იანვარს რუსეთში ალექსეი ნავალნის სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც ციმბირის რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციმბირის იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიიდან პირველად დაესწრო. ნავალნი 3 კვირის განმავლობაში დაკარგული იყო და 25 დეკემბერს მისმა პრესმდივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ციმბირში გადაიყვანეს.
აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნავალნის საჩივარი, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე მელეხოვოს ციხის თანამშრომლებმა იზოლატორში უმიზეზოდ გადაყვანისას მისი უფლებები დაარღვიეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა ნავალნის საჩივარი, რუსმა ოპოზიციონერმა რამდენჯერმე იხუმრა და მოსამართლეს უთხრა, რომ “მისი დანახვისას სიხარულისგან ცრემლი წამოუვიდა”. ნავალნი ასევე ხუმრობით შეეხო მოსკოვის კლუბ მუტაბორში გამართულ სკანდალურ “თითქმის შიშველ” წვეულებას და იკითხა, მისი ციმბირში გადაყვანის აღსანიშნავად მელეხოვის ციხეშიც გამართეს თუ არა მსგავსი წვეულება. ნავალნის ხუმრობამ მოსამართლის სიცილი გამოიწვია.
ალექსეი ნავალნი 19-წლიან სასჯელს იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. ტელეგრამის საშუალებით გავრცელებულ საახალწლო მილოცვაში ნავალნიმ აღნიშნა, რომ მას ოჯახი, მშობლები და ძმა ძალიან ენატრება.
“მათი გალანძღვის შესაძლებლობის ქონაც კი მენატრება, ვინც ახალ წელს WhatsApp-ის ყველა კონტაქტს სულელურ იდენტურ მილოცვებსა და სურათებს უგზავნის. ადრე ეს მაბრაზებდა, ახლა კი ვფიქრობ: ეს ხომ საყვარლობაა”. – წერია ნავალნის ტელეგრამით გავრცელებულ წერილში.
მილოცვის ბოლოს ნავალნიმ თავის გამომწერებს “არქტიკული ჩახუტება და პოლარული მისალმება” გადასცა.