კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობაზე სანქციები გამკაცრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 იანვარს ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციები მკაცრდება.
„მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, – განაცხადა მ.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა);
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა);
გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობისთვის.
დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა);
ე) ჯარიმები გამკაცრდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).
ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს კულტურული მემკვიდრეობის უამრავი უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე გამკაცრებულია ჯარიმები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით;
მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.