კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 5 000-ლარიანი გირაო, საპატიმრო უზრუნველყოფით.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ეს ნიშნავს, რომ ბრალდებული განაჩენამდე ციხეს დატოვებს, თუ გირაოს თანხას გადაიხდის, რასაც ელენე ხოშტარია არ აპირებს. გირაოს გადასახდელად მას 20-დღიანი ვადა აქვს.
„ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება. გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა. ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, — ნათქვამია ხოშტარიას განცხადებაში.
ხოშტარია აცხადებს, რომ ვინმეს მიერ გირაოს თანხის შეტანა მისთვის „გულში დანის ჩარტყმა“ იქნება და ამის უფლებას არავის აძლევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო დააკავეს, რამაც, ბრალდების მხარის დათვლით, 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. დიასამიძის მორიგი პროცესი 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლა საკუთარი აქტივისტები — ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს.




