ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო – დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მისი და “გახარია საქართველოსთვის” გზები გაიყო. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა “ფუნდამენტური განსხვავება” 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
“სრული სიცხადისთვის მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო. (პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ). მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება ს საკითხთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ. არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას. რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით. სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად. მინდა მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს შესაძლოა დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად!”, – წერს ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.
ცქიტიშვილს, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “გახარია – საქართველოსთვის” საარჩევნო სიის მე-3 ნომერი იყო აქამდეც დაუფიქსირებია კრიტიკული პოზიცია პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესახებ. მათ შორის, ეს ეხებოდა გიორგი გახარიას მონაწილეობას “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაში.
დღეს პარტიის საბოლოოდ დატოვებაზე განაცხადა “ლელო – ძლიერი საქართველოს” აწ უკვე ყოფილმა წევრმა, საბა ბუაძემ. ცქიტიშვილის მსგავსად, პარტიიდან წასვლის მიზეზად ისიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.
ამავე თემაზე:
· კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი – ცქიტიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი ბაკურ ბაკურაძეს: 9 წელი ნაცებს ორი მთავარი ტელევიზია და პროპაგანდისტი ყავდა და დღეს ორივე შენი მარჯვენა ხელია, ბერძენაც და შუბლაძეც და ეგ კითხვა ვისთან გაქვს? 2009 წელს დაბადებულ საბასთან?