ბრალი დაუსაბუთებელია. ადგილზე სისხლის სამართლის ნიშნები არ იყო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „შესაძლებელია პატიმრობაც ვიხილოთ, რადგან მართლმსაჯულება საქალაქო სასამართლოში რაიმე ტიპის პროგნოზს ან კანონიერების ტესტის გავლას არ ემსახურება“.
„სხვა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც შსს-ს მხრიდან გავრცელდა, ამ ეტაპზე არ გვაქვს. მოლოდინი მაქვს, რომ იქნება 187-ე მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშაულისთვის ბრალი წაყენებული. ბრალი დაუსაბუთებელია. ადგილზე სისხლის სამართლის ნიშნები არ იყო. ერთადერთი, რისი სიმპტომიც ეს არის და რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ჩვენ დიქტატურაში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი რაღაცები ხდება. მარკერით წარწერის გაკეთების გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს დანაშაული არ არის. შესაძლებელია პატიმრობაც ვიხილოთ, რადგან მართლმსაჯულება საქალაქო სასამართლოში რაიმე ტიპის პროგნოზს ან კანონიერების ტესტის გავლას არ ემსახურება, ამიტომ ის, რომ დაირღვეს არსებული პრაქტიკა, არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს წარუდგენენ. პროცედურას, ასევე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძეც დაესწრება, რის შემდეგაც, სასამართლო ელენე ხოშტარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
