ეკა ბესელია – მოვინახულე ელენე ხოშტარია, როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია – იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ

იურისტმა მ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ არაეთიკურ, არაკანონიერ და უპატივცემულო დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. მან, ასევე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაკავების საფუძველი უკანონოა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ფორმულირება, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაულია.
„მოვინახულე ელენე ხოშტარია. მინდოდა პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიმეღო და პირობები მენახა. როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას წუხილი არ გამოუთქვამს პირობებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ნორმალურად ექცევიან და მის წინააღმდეგ არაფერი არაეთიკური, არაკანონიერი და უპატივცემულო დამოკიდებულება არ ყოფილა. ერთადერთი პრობლემა იყო კორესპონდენციის შეზღუდვა.
დაკავების საფუძველი უკანონოა, ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, დაკავება სისხლის სამართლის წესით არის უკანონობა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ფორმულირება, რომ ბანერზე წარწერა იწვევდეს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საშუალებას. ადამიანები დაასახიჩრეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამაზე არ დაწყებულა გამოძიება და ასეთი რამ, რომელიც გამოხატვის ფარგლებშია ან მის ფარგლებს გარეთ არის სამსჯელო, ეს კონსტიტუციური სტანდარტია და არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის იმ მუხლთან, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ელენე ელოდება თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები გამოძიების მხრიდან. სწორად ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამ მუხლით ბრალის წარდგენა კონსტიტუციის, კონვენციის და კოდექსის დარღვევა იქნება და იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ.
ბრალის წარდგენა იქნება უკანონო პროცედურა. სასაცილოც კი, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს იმ დანაშაულების ფონზე, რომლებიც არის მომხდარი, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტენ ბრალის წარდგენას, შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვენ. არ შეიძლება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა და იმედი მაქვს გადაწყვეტილების მიმღებს გონიერება ეყოფა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს წარუდგენენ, პროცედურას, ასევე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძეც დაესწრება. რის შემდეგაც, სასამართლო ელენე ხოშტარიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.