პირი, რომელსაც საზმაუს მარშთან დაპირისპირებისას იარაღი ჰქონდა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მომავალ მარშთან დაპირისპირებას იარაღი ჰქონდა, არასრულწლოვანია და დაკავებულია.
უწყების განცხადებით, 2009 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
თუმცა ამბობს, რომ იარაღი, რომელიც არასრულწლოვანს ჰქონდა, სავარაუდოდ, პნევმატური პისტოლეტია.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს რამდენიმე პირი აედევნა