შვიდი ომი შევაჩერე – მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განუცხადა.
მისი მტკიცებით, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას მთავარ დაბრკოლებას მათ შორის პირადი ნეგატიური დამოლიდებულება უქმნის.
„ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი განუზომელია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.
„მოლაპარაკებები იქნება – სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
