სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით შემოიტანეს.
ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ, დღეს, 12 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გუშინ, 11 სექტემბერს, სუს-მა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ შემოჰქონდა, რის გამოც უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ავტომანქანის მძღოლს ეკუთვნოდა.
სუს-ის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სატვირთო მანქანის მძღოლს უკრაინაში გადასცეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წარმომადგენლებმა.
ამასთან, სუსი იძიებს, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანასა და 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას შორის.
„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო მანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ე.წ. ეს ბე უს [SBU] თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. პაუტინა 2 გამოძიების და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.




