ძალადობისთვის 2 პირის დაკავებით „ოცნება“ ცდილობს, თავის ამომრჩეველთან ითამაშოს სამართლიანი მსაჯის როლი – სოცდეკები

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ აცხადებს, რომ 8 სექტემბრის კახა კალაძის შტაბთან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებზე თავდასხმაც და მომდევნო დღეების კამპანიაც „ქართული ოცნების“ მიერ წაქეზებული და ხელშეწყობილია.
მოძრაობის განცხადებით, მარშის მონაწილეთა მიმართ ორგანიზებული ძალადობისთვის ორი პირის დაკავებით „ოცნება“ ცდილობს, თავის ამომრჩეველთან ითამაშოს სამართლიანი მსაჯის როლი.
„როგორც იცით, 8 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში მშვიდობიანი მსვლელობით მივიდა კახა კალაძის ოფისთან და აჟღერებდა მნიშვნელოვან სათქმელს მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებზე. მანიფესტანტებს შორის იყვნენ მარშის მუდმივი მონაწილეები და ჩვენი მოძრაობის ძვირფასი წევრები, მათ შორის: გოტა ჭანტურია, ნინო ტურიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე და გუგა დუდუჩავა, რომლებიც სიძულვილის პროპაგანდის სამიზნეებად იქცნენ.
საზმაუს მარში 9 თვეა ყოველდღიურად აწყობს მსვლელობას, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ მარშს 9 თვეა დაჰყვება პოლიცია, 8 სექტემბერს მელიქიშვილის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. შტაბთან მისვლიდან მალევე, აქციის მონაწილეებს შორის შემოვარდა რამდენიმე მანქანა და მანიფესტანტების რიგის გახლეჩა სცადა. მანქანაში მსხდომმა აგრესიულად განწყობილმა პირებმა დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს, სავარაუდოდ წინასწარ ჩასაფრებულმა ჯგუფებმა, შტაბიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ხალხი ალყაში მოაქციეს და დაიწყეს მათი დარბევა. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც, ოღონდ, უმოქმედოდ იდგა. თავდამსხმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით ქალებისა და ჟურნალისტების მიმართ. ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც გაღიზიანებული და ალყაში მოქცეული მანიფესტანტები აღშფოთებასა და ბრაზს გამოხატავენ, გადაღებულია სწორედ ამ დარბევის მერე.
ამის შემდგომ, 9 სექტემბერს, ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა მანიფესტანტების, მათ შორის, ჩვენი მოძრაობის წევრების ფოტოები სახელებითა და გვარებით და მათ ორგანიზებული, ძალადობრივი ჯგუფი უწოდა. მოგვიანებით კი ოცნებასთან აფილირებულმა გვერდებმა ამ ფოტოებს დაურთეს ჩვენი წევრების საცხოვრებელი მისამართებიც. 10 სექტემბერს ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ ამ მისამართებზე“, – აცხადებს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ აცხადებს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერი „ყალბი ანგარიშებიდან“ პროტესტში ჩართული პირების მისამართების გახმაურება ემსახურება ერთადერთ მიზანს – დააშინოს ადამიანები, წაახალისოს ძალადობა და დახატოს სურათი, თითქოს ეს მოქალაქეებმა ჩაიდინეს.
„მარშის მონაწილეთა მიმართ ორგანიზებული ძალადობისთვის ორი პირის დაკავებით „ოცნება“ ცდილობს, თავის ამომრჩეველთან ითამაშოს სამართლიანი მსაჯის როლი. თუმცა, ოცნების სამართლიანობაზე მეტყველებს 60-მდე პოლიტპატიმარი, მზია ამაღლობელის საქმე, ჭიათურელი მაღაროელების საქმე, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის სტუდენტი გოგოს დაკავების საქმე, მისი დაკავების არაჰუმანური ფორმები და ის უსამართლო და არაპროპორციული სასჯელი, რაც მას ელოდება.
„ოცნება“, რომელიც ამტკიცებს, რომ მშვიდობას იცავს, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია სიძულვილის დათესვით არის დაკავებული, ავრცელებს დეზინფორმაციას, აქეზებს ძალადობას და ცდილობს წინააღმდეგობის მონაწილეთა დეჰუმანიზებას. ადამიანებისთვის ადამიანობის წართმევას ყოველთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა ისტორიაში. ეს რყვნის საზოგადოებას და საშიშია უკლებლივ ყველასთვის, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც.
სიტუაციის განზრახი ესკალაცია და დაპირისპირების პროვოცირება „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული სტრატეგიაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისი მიზანია, წინააღმდეგობის მრავალფეროვნება გააქროს და ყველას საერთო იარლიყი მიაწებოს, დაპირისპირების სურათის დახატვით კი – პროტესტის მონაწილეთა შემდგომი დაშინებისა და დევნის საფუძველი შექმნას.
ჩვენი მოძრაობა დაიცავს საკუთარ წევრებს და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, რაც ტყუილების, მუქარის თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას შეეხება“, – აცხადებს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.