„ქვევრის“ მფლობელის ადვოკატი – შალვა ტიბუა ეჭვობს, რომ იარაღი, რითაც ლაშა ბასლანძე თავს დაესხა, შეცვლილია, „იარაღი“ „შემთხვევით“ იპოვეს მაგიდის ქვეშ შეგდებული – ტიბუა ამბობს, ეს რომ მე ჩამედინა, ციმბირი სამჯერ მექნებოდა „მოკრუგულიო“

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი შალვა ტიბუა და მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე დღეს, პოლიციის განყოფილებაში შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღის ამოსაცნობად მივლენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბესაძემ განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მათ კარგად იციან ის მახასიათებლები, რომელიც იმ იარაღს ჰქონდა, რომლითაც ტიბუას მიმართ თავდასხმა განხორციელდა. აბესაძის თქმით, „ქვევრის“ მეპატრონე ეჭვობს, რომ ამოღებული იარაღი არ არის ის, რითაც მის მიმართ ძალადობა განხორციელდა და ის შეუცვალეს.
ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამის უწყებას ამ დრომდე არავის ბრალეულობა არ გამოუკვეთავს და არც ტიბუასთვის მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი.
„საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ტელეფონებიდან მასალების ამოღება, ექსპერტიზების ჩატარება, დამატებითი მოწმეების დაკითხვა ყოველდღე მიმდინარეობს, მაგრამ რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.
დაზარალებულად ცნობილი ჯერჯერობით არავინაა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ არიან თვითმხილველები, რომელთაც მომხდარი გადაღებული აქვთ. ამასთან, თვითონ რესტორანი იყო სამეთვალყურეო-სათვალთვალო კამერით აღჭურვილი, ეს ჩანაწერიც არის ბრალდების მხარესთან. იმ მტკიცებულების გადაწერა, რომელიც დარბაზში მომხდარს ასახავს, მხარემ მოახერხა, თუმცა, როცა პოლიციაში მესაკუთრე და სხვა პირები გამოსაკითხად გადაიყვანეს, მტკიცებულებების განადგურება მოხდა – ვისგან, ამას გამოძიება დაადგენს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია.
ასევე, ინციდენტის შემდეგ, სალაროდან დაკარგულია ფული – 9 000 ლარი… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, ანალოგიური რამ მე რომ ჩამედინა, შეიძლება გირაო სახვეწარი მქონოდა, ციხის კარებს მაინც მაჩვენებდნენ, „ სამჯერ მექნებოდა მოკრუგულიო“, – აცხადებს აბესაძე.
რაც შეეხება მეორე მხარის პოზიციას, რომ იარაღი სათამაშო იყო, ტიბუას ადვოკატის განმარტებით, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საეჭვოა.
„რესტორანში იარაღით შესვლა მეორე მხარის მიერ ხდება, მერე თქვა, რომ ეს სათამაშო პისტოლეტი იყო. „ქვევრის“ დაცვის თანამშრომელმა, რომელიც შალვა ტიბუას მიერ არის დაქირავებული, საკონტროლო გასროლა მოახდინა, ვინაიდან ვერავინ გააჩერა ის [ბასლანძე]. როგორც შალვა ტიბუამ თქვა, ეს სათამაშო პისტოლეტი არ იყო. დღეს უნდა წავიდეთ განყოფილებაში, იარაღის ამოცნობა უნდა ჩატარდეს, რამდენად შეესაბამება ის იმ იარაღს, ვიცით რა ნიშნებიც ჰქონდა მას“, – აცხადებს აბესაძე.
კითხვაზე, აქვს თუ არა შალვა ტიბუას ეჭვი, რომ იარაღი შეუცვალეს, აბესაძე დადებით პასუხს სცემს.
„ასეთი ეჭვი თავად შალვა ტიბუას აქვს. ამის საფუძველს იცით რა გვაძლევს? ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, როგორ მიდის ერთ-ერთი პირი ლაშა ბასლანძესთან, როგორ ართმევს ამ იარაღს და როგორ მიაქვს. სათამაშო პისტოლეტს დამალვა არ სჭირდება, ხომ მართალი ვარ? შემდეგ „იარაღი“ „შემთხვევით“ იპოვეს – ეს „შემთხვევით პოვნაც“ საოცარი ამბავია, ის სადღაც, მაგიდის ქვეშ შეგდებული ნახეს. ასე იარაღს არავინ კარგავს“, – განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს, რესტორან „ქვევრში“ სროლა და დაპირისპირება იყო. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ლაშა ბასლანძე, რომელსაც მხარე, როგორც რესტორნის ყოფილ მეიჯარედ მოიხსენიებს, ტიბუას თავს იარაღით დაესხა. შალვა ტიბუას ადვოკატის განცხადებით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რის გამოც, მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.
მოგვიანებით, ბასლანძემ გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მას მის „პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა მისი უღირსი საქციელის გამო“. ბასლანძის თქმით, მან ტიბუას შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, დაზიანებამდე საქმე არ მისულა“. მისივე ვერსიით, „გაწევ-გამოწევის დროს ტიბუას მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო – მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, თუმცა აკადემიაც აღდგენილიყო, ახლა კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი აშენდება