პოეტ ზვიად რატიანის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

9 სექტემბერს პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც პროკურორმა და ადვოკატებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს.
მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში მათი გამოკვლევა აღარ მოხდება. არ დაიკითხებიან მოწმეები, არ მოხდება ვიდეო თუ ნივთმტკიცებების ჩვენება/დემონსტრირება. მოსამართლე მათზე იმ ფორმით იმსჯელებს, რა ფორმითაც, ანუ წერილობითი სახით არის მიწოდებული სასამართლოსთვის. მომდევნო სხდომისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვების სათქმელად მოემზადებიან.
შესაბამისად, შესაძლებელია, მომდევნო სხდომაზეც კი მოვისმინოთ გადაწყვეტილება ზვიად რატიანის საქმეზე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და როგორც აქამდე არაერთი სხვა სინდისის პატიმრის შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში.
პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან დააკავეს. მან პოლიციელს სილა გააწნა.
განსხვავება სინდისის პატიმრების სხვა მსგავსი საქმეებისგან რაში მდგომარეობს, ეს პოეტმა თავადვე განმარტა, როგორც წინა, ისე დღევანდელ სხდომაზე.
„ვადასტურებ სინდისის, კაცობის ფაქტს. ეს არის გადაღებული და ამაზე მე თავად ვიზრუნე. თავად შევარჩიე ადგილი, პოლიციელი. იყო სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრები. ეს ასეც შედიოდა ჩემს „პროექტში“. ისევე, როგორც დანაშაულის [წარდგენილი ბრალის — თავდასხმის] არაღიარება და ფაქტის [სილის გაწვნის] დადასტურება. დანარჩენი მაშინ არ ვიცოდი — კვალიფიკაცია და შეფასებითი კატეგორიები. ეს არც მაინტერესებდა. ეს პროკურორებისა და ადვოკატების საქმეა. მე არაფერს არ ვითხოვ. იურისტები მუშაობენ თავისი ჩარჩოთი და მათი დღის წესრიგი ჩემსას ყოველთვის არ ემთხვევა“, — თქვა დღევანდელ პროცესზე ზვიად რატიანმა.
მან აქამდეც, ერთ-ერთ სხდომაზე ახსნა, რომ მისი შთაგონება „ქართული ოცნების“ პოლიტპატიმარი ქალები, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და პედაგოგი ნინო დათაშვილი იყვნენ. მზია ამაღლობელს, ს პოლიციის იმდროინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, უკვე მიუსაჯეს 2 წელი. ნინო დათაშვილი, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, ჯერ ელის თავის განაჩენს.
„არა მგონია, ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე. და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა ახსენა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი. […] ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. თ დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, — თქვა ზვიად რატიანმა სასამართლოში.
ზვიად რატიანის საქმე მოსამართლე გიორგი გელაშვილს აბარია.