უნგრეთს და სლოვაკეთს სანქცირებულთა სიიდან 6 რუსი ბიზნესმენის ამოღება სურთ – მედია

უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო ევროკავშირის მიერ ს წარმომადგენლებისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ნაწილის გაგრძელებას. მათი მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურება.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი და სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ სიიდან ექვსი რუსი ბიზნესმენის ამოღებას.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უნგრეთი მოითხოვს, რომ სანქციები მოეხსნას ოთხ რუსს, ხოლო სლოვაკეთი – ორს. მათ ვინაობას „ევროპეისკა პრავდას“ რესპონდენტები არ ასახელებენ.
გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ 2025 წლის 14 მარტს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უნგრეთის მოთხოვნით ევროკავშირმა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო რამდენიმე პირი, მათ შორის ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, მინერალური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, „ევროხიმის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ რაშევსკი და რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. უნგრეთმა სწორედ ამის შემდეგ დაუჭირა მხარი სანქციების გაგრძელებას.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, რომელთა ხელმძღვანელებს, ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვთ, არაერთხელ შეუფერხებიათ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელება ან ახალი შეზღუდვების შემოღება.
მაშინ, როცა ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთისგან საწვავის შეძენას განაგრძობენ და ამას საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნიან.
ამჟამად ევროკომისია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს. სააგენტო „ფრანს პრესის” წყაროთა თანახმად, გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებაა, რომ სანქციები დაუწესდეს რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილსაც”.
სანქციების ამოქმედებას ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. უნგრეთი, დიდი ალბათობით, წინააღმდეგი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს