სომხეთში დააკავეს და 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანს.
ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ გიორგი კინოიანი 2024 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად გაასამართლა უკრაინის ომში მონაწილეობისთვის და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის მიერ ძებნილი კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს დააკავეს.
„არ ვიცი, რა იქნება. სომეხი ადვოკატები იმედს არ გვაძლევენ. ამბობენ, რომ ექსტრადიციის საფრთხე ძალიან დიდია. საზღვრის კვეთის დროს მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და რამე პრობლემები შეექმნებოდა, თორემ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“, — განუცხადა „ტვ პირველს“ დაკავებულის ძმამ, ვაჟა კინოიანმა, რომლის ცნობითაც, გეგუთის გამშვებ პუნქტზე ქართველმა მესაზღვრეებმა გიორგი კინოიანი არ გააფრთხილეს, თუ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანიას განუმარტეს, რომ რუსეთი გიორგი კინოიანს არა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, არამედ დსთ-ის სისტემით ეძებს, რასაც ქართველი მესაზღვრე ვერ დაინახავდა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარქისიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა ძებნილი, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ.
პრესსპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს — რუსეთის ფედერაციას.
რუსეთის მოთხოვნით სომხეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა (EPP, პოლონეთი).
„უკრაინისთვის მებრძოლი ქართველი, გიორგი კინოიანი, რუსეთს მოთხოვნით დააკავეს სომხეთში. სასამართლო სხდომა პარასკევს, 23:35 საათზე, ადვოკატის გარეშე ჩატარდა და ის პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. ექსტრადიციის პროცესი შესაძლოა, რვა თვემდე გაგრძელდეს, თუმცა სომეხი იურისტები აფრთხილებენ, რომ არსებული პრეცედენტების საფუძველზე, გიორგი რუსეთში შეიძლება 2–3 კვირაში გადაიყვანონ. ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ დადგება — რუსეთის ხელში დევნა ან სიკვდილი გარდაუვალია.
არ შეიძლება, სომხეთი ერთდროულად ამტკიცებდეს, რომ სურს უფრო მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან და ამავე დროს მოსკოვთან ითანამშრომლოს იმ ადამიანების გადაცემაში, ვინც იცავდა უკრაინასა და ევროპულ ღირებულებებს. ეს საქმე ევროკავშირის უმაღლეს დონეზე უნდა დადგეს. გიორგის სიცოცხლე ამას დამოკიდებულია!“, — წერს ბრეიზა.
🇬🇪🇺🇦 Georgian fighter for Ukraine Giorgi Kinoiani was arrested in Armenia at Russia’s request. On Friday, without a lawyer present, a court hearing was held at 11:35 p.m., and he was taken directly to prison.
The extradition process foresees up to eight months, but Armenian… pic.twitter.com/f62YSZlXrH — Krzysztof Brejza🇵🇱🇪🇺🇬🇪🇺🇦 (@krzysztofbrejza) September 8, 2025
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი კითხვებზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია სომხურ მხარესთან და რას აკეთებენ, საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადიციის აღსაკვეთად.
