„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სხდომაზე განიხილება პარტიის სტრატეგია და გეგმა, რომლის შემდეგ საზოგადოება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას მოისმენს.
„იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო. ჩვენ განვიხილავთ პარტიის სტრატეგიას, გეგმას და 4 ოქტომბრის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პარტიას ოფიციალური პოზიცია ექნება. ვიმსჯელებთ, ვითათბირებთ, ერთმანეთს გავუზიარებთ პოზიციებს და საბოლოოდ, საზოგადოებას დღეს შეჯერებული პოზიცია ექნება“, – განმარტა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ მიზანს 4 ოქტომბერს მასშტაბური აქცია წარმოადგენს.
„დღეს პოლიტსაბჭო ძალიან ბევრ საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ასევე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს პოლიტიკურად აქტიურია, მაგრამ ჩვენი მიზანია სწორედ 4 ოქტომბრის ძალიან დიდი საპროტესტო აქცია, თუმცა ცხადია, ეს აქცია ხელს არ უშლის მანამდე დაგეგმილ ძალიან ბევრ აქციას, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე იქნება“, – აღნიშნა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ