აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას თავდაცვის სამინისტროსთვის ომის სამინისტროს დარქმევის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონია ოვალურ კაბინეტში გაიმართა. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს და მის გუნდს შეეძლებათ გამოიყენონ „ომის მინისტრისა“ და „ომის მინისტრის მოადგილის“ ტიტულები. ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს სამხედრო ეთიკაა“.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ომის სამინისტრო პენტაგონისთვის უფრო შესაფერისი სახელია „მსოფლიოში არსებული მდგომარეობის“ გათვალისწინებით.
ცვლილებას დასჭირდება კონგრესის მიერ დამტკიცება. პარასკევს რესპუბლიკელებმა მაიკ ლიმ, რიკ სკოტმა და გრეგ სტიუბმა შესაბამისი კანონპროექტი წარადგინეს.
კრიტიკოსები ინიციატივას მიიჩნევენ ყურადღების გამფანტველად და ძვირადღირებულად, მათ შორის იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საჭირო ხდება აბრებისა და დოკუმენტების განახლება.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც პენტაგონსაც უწოდებენ მისი შენობის ხუთკუთხა ფორმის გამო, ამჟამინდელი სახით 1947 წლიდან არსებობს. მაშინ პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გააერთიანა საზღვაო ძალების, არმიისა და საჰაერო ძალების სამინისტროები. ბოლო ორი ადრე წარმოადგენდა ერთ უწყებას – ომის სამინისტროს, რომელიც 1789 წლიდან არსებობდა.
1947 წლიდან 1949 წლამდე გაერთიანებულ სამინისტროს ეწოდებოდა ეროვნული სამხედრო უწყება, ხოლო 1949 წელს მან მიიღო ამჟამინდელი სახელი, თავდაცვის სამინისტრო.
ფორუმი
