ბულგარეთის ნაკრების თბილისში გამომგზავრებამდე “ვასილი ლევსკის” სახელობის აეროპორტში BFU-ს ტექნიკური დირექტორი კირილ კოტევი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
ესპანეთთან 0:3 მარცხის შემდეგ ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ბულგარელებისგან გაცილებით აგრესიული თამაში იყო მოსალოდნელი და მათ აღნიშნულ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. კოტევი ამ მოსაზრებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ თბილისში ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
“დიახ, ესპანელები სრულიად მართლები არიან. ნორმალური არ არის, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბარათიც კი არ მივიღოთ. თბილისში ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ განსაკუთრებით შეტევაში გაცილებით უკეთეს და აგრესიულ თამაშს ვაპირებთ.
შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ მოცემული შანსები და პირველი ქულები მოვიპოვოთ. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცის “მოპარვას” შევძლებთ. ფავორიტი არცერთ მატჩში არ ვართ და ნებისმიერ შეხვედრაში ქულის მოპოვება ჩვენთვის კარგი იქნება.
ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ახალგაზრდებზე ავაშენოთ, როგორებიც მაგალითად ემილ ცენოვი და როზენ ბოჟინოვი არიან. მათ შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ჩვენი ხედვა ესაა, რომ ახალგაზრდა გუნდიდან ნიჭიერი ბიჭები მოვიდნენ და გამარჯვებები მოიპოვონ”, – თქვა კოტევმა.
მნიშვნელოვანი დანაკლისი – ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან გუნდის კაპიტანი ვერ დაეხმარება
