რუსთაველის გამზირზე თამაზ გაიაშვილი 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, სადაც კაზინოც განთავსდება

თბილისში, რუსთაველის გამზირის #12-ში, კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Georgian Airways-ის დამფუძნებელი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს და კაზინოს მოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა გასულ წელს გასცა. ახალი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდეა.
საპროექტო შენობა წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობას, შუაგულში წრიული ფორმის ეზოთი. შენობა იქნება 11 სართულიანი აქედან 8 სართული მიწის ზემოთ, 3 სართული კი მიწის ქვეშ, სადაც მოეწყობა საპარკინგე სივრცე (2 სართულზე) და კაზინო. 0 ნიშნულზე მოეწყობა კომერციული სავაჭრო ფუნქციის ფართები. პირველ სართულზე მოეწყობა სასტუმრო ფოე და შესასვლელები. სხვა დანარჩენ ნიშნულებზე მოეწყობა სასტუმროს ნომრები (დაახლოებით 200 ნომერი).
უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.