„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
ამის შესახებ მან, დღეს, 5 სექტემბერს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რა გადაწყვეტილებაც გვქონდა მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, მათ შორის, ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია.
ჩვენ ჩვენი თხოვნის საფუძველზე არც დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება – ჩვენი დატუსაღებაც და გათავისუფლებაც…
პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ადამიანი, ოპოზიციონერი ამომრჩეველი, რომელიც მოვა 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




