უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების გარანტიების ყველა დეტალზე ვერ ისაუბრებს.
„ეს ყველაფერი დეტალურად ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ ვისაუბროთ, თუმცა გეგმა ნამდვილად არსებობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ ანტონიო კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, პრეზიდენტი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ათიათასიანი კონტინგენტის განლაგება იგეგმება.
„რაც შეეხება 10 000 ჯარისკაცის განლაგების საკითხს. კიდევ ერთხელ, რაოდენობაზე არ ვისაუბრებ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ. ეს ნამდვილად არ იქნება ერთეულებში, არამედ ათასებში და ეს ფაქტია. მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ცოტა ნაადრევია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპამ უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების შესახებ გეგმა შეიმუშავა. გამოცემის ინფორმაციით, არსებული გეგმა მოიცავს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგების ვალდებულებებს.
