დღეს, 4 სექტემბერს, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს ე.წ. პირბადეების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ.
„ჩვენ დიდ სურათში უნდა დავინახოთ. ავტორიტარული რეჟიმებისთვის ორგანულად მიუღებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს არის მიზეზი, რატომაც თავისუფალი მედიები არიან სახელისუფლებო ზეწოლის ქვეშ, ეს არის როგორც ფინანსური მექანიზმებით, ასევე სხვა გზებით. ეს არის მიზეზი, რატომაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ციხეში გამომწყვდეულები. ეს არის მიზეზი, რატომაც ერთპარტიული მმართველობაა საქართველოში ჩამოყალიბებული და ცხადია, ამ მოცემულობაში სამოქალაქო საზოგადოებაც არის მისთვის პრობლემა.
იმ ფონზე, როდესაც ციხეში არის ძალიან ბევრი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი და სასამართლოები უსჯით მათ პატიმრობებს, როცა ციხეში მზია ამაღლობელი, მაშინ რაღაც დაყადაღება ჩემთვის არ არის მთავარი საკითხი“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ სასამართლოში შესვლამდე.
გუშინ ამავე საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილი დირექტორი, ნინო დოლიძე გამოიკითხა.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ შესყიდვის დოკუმენტებს აქვეყნებს იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორმა, სოფო ბერიძემ ამჯერადაც თქვა, რომ „ექსკლუზიურად მოიპოვეს“ ISFED -ის შესყიდვის დოკუმენტი, რომელიც „საბოტაჟის“ საქმეში დევს.
„იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა




