გიორგი მშვენიერაძე სასამართლოში დაკითხვამდე – ავტორიტარული რეჟიმებისთვის ორგანულად მიუღებელია დემოკრატიული ინსტიტუტები – ამ მოცემულობაში სამოქალაქო საზოგადოებაც მათთვის პრობლემაა

მაგრამ ამ საქმეზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც მთავარი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას , – ამის შესახებ ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვის წინ მედიასთან განაცხადა.
მშვენიერაძის განცხადებით, ავტორიტარული რეჟიმისთვის დემოკრატიული ინსტიტუტები მიუღებელია
„ავტორიტარული რეჟიმებისთვის ორგანულად მიუღებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს არის მიზეზი, რატომაც „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეკომპანია ფორმულა“ არიან სახელისუფლებო ზეწოლის ქვეშ, ეს არის როგორც ფინანსური მექანიზმების გამოყენება, ასევე სხვა გზები, ეს არის მიზეზი, რატომაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან ციხეში მწყვდეულები, ეს არის მიზეზი, რატომღაც ერთპარტიული მმართველობაა ჩამოყალიბებული საქართველოში და ცხადია ამ მოცემულობაში სამოქალაქო საზოგადოებაც არის მისთვის პრობლემა. იმ ფონზე, როდესაც ციხეში ძალიან ბევრი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან, სასამართლო უსჯის მართ პატიმრობას, საუბარია სინდისის პატიმრებზე, როდესაც ციხეში არიან ჟურნალისტები, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელი, მაშინ ანგარიშების დაყადაღება არ არის ჩემთვის მთავარი საკითხი“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.