ლევან ნატროშვილი – აღჭურვილობები ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის შევიძინეთ და აქციის მონაწილეებისთვის არაფერი გადაგვიცია – შეუძლებელია, 30 აირწინაღით 100-ათასიანი აქცია აღჭურვო

შეძენილი აღჭურვილობები აქციის მონაწილეებისთვის არ გადაგვიცია. ის ჩვენი თანამშრომლებისთვის შევიძინეთ – ეს სრულად გამართლებული ხარჯია, – ამის შესახებ „სამართლიან ს“ დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გარკვეული აღჭურვილობები აქციის მონაწილეებისთვის შეიძინა, ნატროშვილმა აღნიშნა, რომ 30-მდე ნივთით 100-ათასიანი აქციის აღჭურვა შეუძლებელია.
„მგონი, პროკურატურამ ამაზე კითხვას პასუხი თავადვე გასცა, როდესაც გამოაქვეყნა ის ზედნადებები, შესყიდვის დოკუმენტები, რომლებიც სწორედ ამ ნივთების შესყიდვას ეხებოდა. ის რაოდენობები, რაც იქაა მითითებული, ჩვენს შემთხვევაში, იყო 30-მდე, შეძენილი იყო თანამშრომლებისთვის. ეს უკვე გამორიცხავს იმას, რაზეც საუბარია განცხადებაში, რომ ვიღაც რაღაცას აორგანიზებდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს რაღაცებს ურიგდება. შეუძლებელია, სიტყვაზე, 30 აირწინაღით შენ 100-ათასიანი აქცია აღჭურვო.
ეს სრულად გამართლებული ხარჯია. არც ერთ დონორს ჩვენთან არანაირი პრეტენზია ამ მიმართულებით არ ჰქონია. [აღჭურვილობები] აქციის მონაწილეებისთვის, რა თქმა უნდა, არ გადაგვიცია. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ნივთებია. ჩვენ თანხები შეზღუდული გვაქვს და აქციის მონაწილეებისთვის არაფერი მიგვიცია. ისევ და ისევ, ჩვენი თანამშრომლებისთვის შევიძინეთ ეს ნივთები. ეს მაშინ იყო შეძენილი, როდესაც ძალიან მძიმე დარბევები და ძალიან მძიმე სიტუაცია უკვე მომხდარი იყო. ამის შემდეგ მოხდა შესყიდვა, როდესაც დავინახეთ, რომ უბრალოდ, შეუძლებელი იყო იქ დადგომაც კი“,- განაცხადა ნატროშვილმა.
ნატროშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობის ბრალდება „სრულად აბსურდულია“.
„ჩვენ არანაირი როლი საპროტესტო აქციების დაგეგმვაში არ გვქონია. უფრო მეტსაც ვიტყვი, არავის არ ჰქონია ეს როლი. ამ შემთხვევაში, საუბარია გაზაფხულისა და შემდგომ უკვე, ნოემბრის შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ეს აქციები, ფაქტობრივად, სახალხო აქციები იყო. არანაირი ორგანიზატორი იქ არ იყო. იქ იყო სხვადასხვა ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფი, რიგითი ადამიანები, რომლებიც არცერთ ორგანიზაციებთან დაკავშირებულები არ იყვნენ.
ცხადია, ეს ნაწილი უკვე პრობლემურია, იქ არავინ არ აორგანიზებდა აქციას. არცერთ ჯგუფს და არცერთ ორგანიზაციას იმის რესურსი, მასშტაბი და ავტორიტეტი ნამდვილად არ აქვს, რომ 100 ათასი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში და მის დაძახებულზე გამოვიდეს [ხალხი]. ადამიანებმა გაიაზრეს ის რისკები და საფრთხეები, რაც იმ ნაბიჯებს ახლდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. ამიტომ, გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ. ამაზე ჩვენი პასუხი ისაა, რომ ჩვენ ვიყავით რიგითი მონაწილეები და პლუს ამას, აქციებს ვაკვირდებოდით, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- განაცხადა ნატროშვილმა.
ნატროშვილის განცხადებით, პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რამდენიმე ერთეული კონკრეტული აღჭურვილობის შეძენის გარდა სხვა მტკიცებულებები არ აქვს და „რომ ჰქონოდა, უკვე გაასაჯაროვებდა“.
„სხვა რაიმე [მტკიცებულება] რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე იტყოდნენ და გასააჯაროვებდნენ. ეს, სამწუხაროდ, მათ არ უჭირთ. ზოგადად, ეს პროცესი როგორ წარიმართა თუ შევხედავთ, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი მათ შორის, საინფორმაციო უზრუნველყოფაც.
მათი მიზანი იყო, რომ ის პოლიტიკა, რასაც უკვე რამდენიმე წელია აწარმოებენ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, გადაეყვანათ ახლა ეტაპზე და ფაქტობრივად, სრულად შეეზღუდათ ფინანსური რესურსები ამ ორგანიზაციებისთვის. ამასთან, გვაიძულონ, რომ ჩვენი საქმიანობა შევწყვიტოთ“,- აღნიშნა ნატროშვილმა.
ნატროშვილის მოსაზრებით, გულუბრყვილო იქნება თუ იტყვის, რომ შეუძლებელია სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააპატიმრონ. მისი განმარტებით, „ყველაფრის მოლოდინი უნდა გვქონდეს“.
„იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაშია, ცხადია, გულუბრყვილო ვიქნები ვთქვა, რომ შეუძლებელია ვინმე დააპატიმრონ ან ბრალი წარუდგინონ-თქო. სამწუხაროდ, ყველაფრის მოლოდინი უნდა გვქონდეს. „ქართული ოცნების“ ის გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაიმყაროს ეს ძალაუფლება, ყველაფერზეა წამსვლელი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დიდი ხანია ველით, რომ ჩვენს წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, ამისთვის ვემზადებოდით. ეს ისეთი რამაა, რასაც რეალურად, ვერ შეცვლი. თუ მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ვიღაც პასუხისგებაში მისცენ, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ნატროშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნული თემისა, ნატროშვილმა ისაუბრა საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებზეც, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, გამამართლებელ განაჩენებზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან „ასეთი მცირე დათმობებიც იყოს“.
„რამდენიმე ადამიანი გამართლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მცირე დათმობებიც იყოს და რაღაცნაირად მივაღწევინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ მცირე დათმობებზე მაინც წამოვიდეს. როგორც ჩანს, ეს შეგნებულად კეთდება, რათა საკუთარ ამომრჩეველს აჩვენონ, რომ სასამართლო არა არის მიკერძოებული და ზოგ შემთხვევაში ამართლებს კიდეც ადამიანებს. შეიძლება, ზეწოლის შედეგიც არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარედან“,- აღნიშნა ნატროშვილმა.
გარდა ამისა, ნატროშვილმა ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც და აღნიშნა, რომ მათ არასამთავრობო ორგანიზაციას „არანაირი შეხება არ აქვს ასეთი ტიპის აქციებთან“.
„რა თქმა უნდა, ამასაც ვხედავთ, რომ გარკვეული ჯგუფები გარკვეულ აქტივობებს გეგმავენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილია. თუ რაიმე ქმედება გავა კანონის ჩარჩოებს გარეთ, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც ვიტყვით“,- აღნიშნა ნატროშვილმა.