ირაკლი დგებუაძე აღარ იკავებს ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს

ირაკლი დგებუაძე, – პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, – ს პოლიციის უფროსის პოსტს აღარ იკავებს.
ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციითვე, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.
-ში გვითხრეს, რომ დგებუაძე „მუშაობას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.
პრესცენტრში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას, რა გახდა დგებუაძის პოსტის შეცვლის საფუძველი.
· „ბათუმელების“ დამფუძნებელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
· კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
· დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნეს ამაღლობელის საქმეზე – ის ამბობდა, რომ მზია ამაღლობელის „საკმაოდ ძლიერმა“ სილამ „ტკივილი მიაყენა“ და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
· მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
· მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
· მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
· მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: „მონებო!“
· ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.