საკმაოდ რეალურია, რომ ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში, რომელიც ამავდროულად, ტრამპის კაბინეტის წევრია, მოითხოვოს შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან. არის ამისთვის ის მზად? – ამის შესახებ დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების გამო, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წელს თავად არ გაემგზავრება და მასზე საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს.
მეორე მხრივ, ჩეჩელაშვილმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოხერხდა მაღალი დონის შეხვედრების ჩანიშვნა, ამიტომ „მხოლოდ 5-წუთიანი განცხადების“ გამო, ირაკლი კობახიძის არ წასვლა გამართლებულია“.
„რატომ არ მიდის ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ვფიქრობ, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს – იქიდან გამომდინარე, რა ადგილი და როლი აქვს დღეს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში საქართველოს, როგორც ჩანს, იქ სერიოზული შეხვედრების დაგეგმვა ვერ მოხერხდა. მარტო იმისთვის, რომ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქვა 5-წუთიანი სიტყვა, პირველი პირის წასვლა არ არის გამართლებული. იმ 5-წუთიან განცხადებას მიხეილ ყაველაშვილიც გაართმევს თავს. საკითხავია ის, ამერიკელებმა მიხეილ ყაველაშვილთან რომ მოინდომონ შეხვედრა..
ჩვენ უკვე გვქონდა ერთი მაგალითი, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ესტუმრა ანკარას. ამ შეხვედრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ჯერ ერთი, არანაირი სერიოზული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მეორე ის, რომ ცოტა გასაკვირი იყო ერდოღანის ტონი და ის კითხვები, რომლებიც მან დასვა მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მაგალითად, თურქ-მესხებთან დაკავშირებით. ეს საკითხი დიდი ხანია თურქებთან მოგვარებული გვქონდა და იყო გადასული ძალიან პრაგმატულ საქმიანობაში. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ღიად, ასე მკაფიოდ და პრობლემური კუთხით ეს საკითხი არ იქნებოდა დაყენებული. ყოველ შემთხვევაში ამ ვიზიტიდან ჩვენ ვერაფერი გამოვიტანეთ და ვერაფერი დავინახეთ. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ მიხეილ ყაველაშვილს არ აქვს ის დიდი გამოცდილება დიპლომატიაში და ვიტყოდი, ფუნდამენტური ცოდნა იმ საკითხების, რომელიც უნდა იცოდეს საქართველოს წარმომადგენელმა ამ დონის შეხვედრასთან დაკავშირებით. ეს ფუნდამენტური ცოდნაც არ გააჩნია. ძალიან სახიფათო იქნება…
საკმაოდ რეალურია, რომ ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში, რომელიც ამავდროულად ტრამპის კაბინეტის წევრია, მოითხოვოს შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან, არის ამისთვის მზად? თუ არ არის, გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობა და მოემზადოს ამ შეხვედრისთვის, რათა ჩვენ იქიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, ჩეჩელაშვილი გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუგზავნა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ორმხრივ ურთიერთობებში და ეს კარგია. მისივე თქმით, წერილში დაშვებულია ფუნდამენტური შეცდომა, რადგან „ის გაჟღენთილია დიდაქტიკური ტონით“.
„არანაირი კომუნიკაციის არხები „ქართულ ოცნებას“ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს. ამას ადასტურებს ის, რომ ღია წერილით მიმართავს, რაც დიპლომატიაში, მაინც და მაინც, მიღებული ფორმა არ არის. ის, რომ ახალი კომუნიკაციის არხები ვერ გახსნა ახალმა ელჩმა, რომელიც ვაშინგტონშია, ნიშნავს იმას, რომ ის ვერ უმკლავდება იმ ამოცანებს, რომლებიც მის წინაშე დგას. როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს ორმხრივ ურთიერთობებში, კომუნიკაციის არხების შენარჩუნება, ეს ნებისმიერი ელჩისთვის დიპლომატიური ანაბანაა.
პრინციპში, ეს არის იმავე შინაარსის წერილი, რაც რამდენიმე თვით ადრე ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილი ვიხილეთ. უბრალოდ, ეს არის უფრო კარგი დიპლომატიური ლექსიკონით შეფუთული წერილი, მაგრამ გზავნილები აბსოლუტურად ერთი და იმავეა. ფუნდამენტური შეცდომაა დაშვებული ამ წერილში, ვინაიდან ის გაჟღენთილია დიდაქტიკური ტონით. ეს ჰგავს წერილს, რომელსაც დაწერდა მაგალითად, მასწავლებელი ურჩი მოწაფის მშობლისადმი“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ჩეჩელაშვილის მოსაზრებით, „ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირად არ შეუწყობს ხელს არც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გამოსწორებას და, რა თქმა უნდა, არც ყაველაშვილის პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბატონ ტრამპთან“.
გარდა ამისა, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, არანაირი რესურსი და შანსი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს და ის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
„სამწუხაროდ, ამის არავითარი შანსი არ არის, იმიტომ, რომ დრო არის განცხადებებისა და დრო არის მოქმედებების. კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული ის მოლოდინები, რასაც ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
მისივე თქმით, „მიხეილ ყაველაშვილი, პრაქტიკულად, სახელმწიფო დეპარტამენტს ადანაშაულებს იმაში, რომ ის, თითქოსდა, „დიპ სტეიტით“ იმართება.
