ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოტივი იმისა, რომ ჩემი თავისუფლება შეეზღუდა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთიდან იყო დიდი ზეწოლა, მეტი პრობლემა შექმნილიყო, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ანტონ ჩეჩინმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
„ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ყველა უსამართლო ბრალდებული. 9 თვის განმავლობაში ვერ ვპოულობდი ადგილს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოტივი იმისა, რომ ჩემი თავისუფლება შეეზღუდა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთიდან იყო დიდი ზეწოლა, მეტი პრობლემა შექმნილიყო. საქართველოში მმართველი პარტია არის ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იყოს რეპრესიები, ამას მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა, როგორიცაა ნარკოტიკების ჩადება. ეს სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, სამწუხაროდ საქართველოშიც.
ციხიდან დიდი სამუშაო გავწიე იმისათვის, რომ დავამტკიცო არა მხოლოდ ჩემი უდანაშაულობა, არამედ დაისაჯონ ისინი ვინც ეს ჩაიდინა. 20 ქვეყნის საელჩოში გავგზავნე წერილები, საერთაშორისო მისიებში, ჟურნალისტებთან და საქართველოს ომბუდსმენის აპარატში, რათა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში დამხმარებოდნენ. საქართველოს წინააღმდეგ 2 საჩივარი იყო შეტანილი. თუ მე გამამტყუნებელ განაჩენს გამომიტანენ, ბრძოლას გავაგრძელებ იმიტომ რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში. სპეციალურ საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე საჩივარი იყო შეტანილი, რომლის გამოძიებაც არ ხდება, მიზეზი კი ისაა, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის. მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.
ახლა, თედო აბრამოვი, გიორგი ახობაძე გათავისუფლდნენ. ციხეში ვართ მე და ნიკა კაცია“, – განაცხადა ჩეჩინმა.
მისი თქმით, მისი დაკავებისას პოლიციის მოქმედება იყო არაკანონიერი.
„ჩემი ქურთუკის ჯიბეში არაკანონიერად იყო აღმოჩენილი ნარკოტიკები, მე ნარკოტიკებთან არანაირ კავშირში არ ვიყავი. პოლიციამ ძალადობა გამოიყენა, რომელიც არ იყო საჭირო, სინამდვილეში კი ეს ჩემი დაშინებისთვის გამოიყენეს.
დაკავების ოქმი შეავსეს ჩემი დაკავებიდან 15 წუთის შემდეგ. ვინც იმ დროს ადგილზე იყო, ოქმში არ შეიყვანეს. ოქმის ასლი არ მომცეს. დაკავების დროს თარჯიმანი არ იყო. მე არ გამარკვიეს ჩემ უფლებებში, უარი მითხრეს ახლობლებთან დარეკვაზე. ეს ყველაფერი არღვევს შესაბამის კანონმდებლობას… რეალურად ბრალი წარმიდგინეს იმისთვის, რომ მე აქციებში ვიღებდი მონაწილეობას….სახლი ზედაპირულად გაჩხრიკეს, არ გაუჩხრეკავთ სააბაზანო, საძინებელი, პირადი ნივთები, არადა პოლიცია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს არაკანონიერი ნივთიერება ჩემ ბინაში იყო. ჩემი დათვალიერებისას აღმოაჩინეს პაკეტი, რომელშიც იდო ნარკოტიკი. ასეთ შემთხვევაში პაკეტი დალუქული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად არ იყო დალუქული.
თარჯიმანი შორენა ტაბატაძე პირველივე წუთიდან ისე იქცეოდა, როგორც პოლიციელი. ჩემთვის რომ არ ეთქვათ ის იყო თარჯიმანი, მე ვიფიქრებდი, რომ ის არის პოლიციის თანამშრომელი. შორენა ტაბატაძეა ჩემ საქმეში ნეიტრალური მოწმე. ის ცრუ ინფორმაციას იძლეოდა. გამოძიებამ ვერ და არ დაადგინა, როგორ იყო შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და საიდან აღმომაჩნდა. მასზე ჩემი თითის ანაბეჭდები არ იყო და ვერც იარსებებდა, რადგანაც პაკეტი, რომელიც ჩემი ჯიბიდან ამოიღეს, მე ხელში არ მჭერია. ….
მე დავინახე რომ ბოროტება ანადგურებდა არამარტო ჩემს ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნებსაც, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. პოლიტიკური და საზოგადოების მდგომარეობა, რომელშიც მე დავიბადე წარმოადგენდა საფრთხეს მთელ მსოფლიოსთვის. მე არ შემეძლო მეყურებინა რას აკეთებდა საბჭოთა იმპერია და ასევე პუტინის რეჟიმი. ბოროტება სისხლის მდინარეებს უშვებდა მთელ მსოფლიოში. ჩემი ვალი იყო ადამიანების დაცვა, ბრძოლა საქართველო ოკუპაციის წინააღმდეგ და მისი დამოუკიდებლობისთვის… სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას”. განაცხადა ჩეჩინმა.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
