ხანგრძლივი ვიზაა ევროპაში ხანგრძლივი მუშაობისთვის – გახარია ბინადრობის უფლებაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.
მისი თქმით, ბინადრობის უფლება სჭირდება, რათა პროცედურების დაცვით შეძლოს ევროპაში ხანგრძლივი საქმიანობა.
ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი ამბავი ატეხეს ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც ფორმალური პროცედურების დაცვით ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს. მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას. [ვგულისხმობ] მუშაობას პარტიის, ქვეყნის, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან ერთად პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ცნობილი გახდება.
არცერთ შემთხვევაში ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც გახარია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაჭერის რესურსი არ აქვს, თუმცა თბილისში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას შეუზღუდავდნენ.
„ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ. ფაქტია, რომ დღეს „ოცნებას“ აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბერად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში“, – განაცხადა გახარიამ.