7 NGO-ს ანგარიშები დაყადაღება – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მას შემდეგ რაც ისინი დასაბუთებას ჩაიბარებენ სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა მათი თქმით, ეს პროცესი ფორმალური იქნება, რის შემდეგაც უკვე ევროსასამართლოში გაგზავნიან საჩივარს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროკურატურას ადამიანის დახმარება, მათთვის წყლის სათვალის და პირბადის შეძენა, ყაჩაღობაზე, გაუპატიურებაზე და მკვლელობაზე მძიმე დანაშაულად მიაჩნია.
საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ სხვა ადამიანისთვის პირბადის ყიდვა, ან წყლის სათვალის გადაცემა ეს არის იმდენად მძიმე დანაშაული, რომელიც აღემატება ყაჩაღობას, გაუპატიურებას მკვლელობასაც კი და უნდა რომ დასაჯოს სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ადამიანები იმისთვის, რომ ისინი უზიარებდნენ თავის თანადგომას, დახმარებას, რესურსებს ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ და საკუთარ პროტესტს გამოხატავდნენ.
ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს რამენაირი დანაშაულია, ეს ნივთები არ არის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, ეს არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთები და პირიქით, ვამაყობ იმით, რომ მე თვითონაც მიყიდია უამრავი პირბადე სხვა ადამიანებისთვის, რათა ისინი არ გამხდარიყვნენ მსხვერპლი წარმოუდგენელი სახელმწიფო ძალადობისა,” – განაცხადა იურისტმა საბა ბრაჭველმა.
ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ რეჟიმის ადრესატი არასამთავრობო სექტორია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს წარმოადგენს ყველა აქტორი, რომელიც სამთავრობო დაფინანსებაზე არ არის დამოკიდებული”.
ჩაგრული ადამიანის დახმარებას, დღეს, დევნის რეჟიმი და ამაზე დიდი მორალური დაცემა პოლიტიკოსისთვის, თუ ზოგადად ადამიანისთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია.
ადრესატი არის არასამთავრობო სექტორი და ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ რეჟიმი ახლა რა ფაზაშიც იმყოფება, ძალაუფლების მოხვეჭის და კონსოლიდირების ამ ეტაპზე, ყველა აქტორი, რომელიც არ არის დამოკიდებული უშუალოდ სამთავრობო დაფინანსებაზე, ან იმ არალეგალურ ფულზე, რომელსაც ქოლცენტრების და სხვა ტრეფიკის საშუალებით ფლობს “ქართული ოცნება”, მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ანუ ყველა დამოუკიდებელი აქტორი არის საშიში,” – ამბობს ლევან ღამბაშიძე.
ISFED-ის მკვლევრის, შოთა ნარსიას განცხადებით, ვატო შაქარიშვილი “ქართული ოცნების” ინსტრუმენტია, რომელსაც ისეთი განცხადებების გასავრცელებლად იყენებს, რომლის აფიშირებაც თავად არ სურს.
შოთა ნარსიას ცნობით, 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა ვატო შაქარიშვილისა და მასთან დაკავშირებული გვერდების რეკლამებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავდა ანტიდასავლური, პრორუსული რეკლამების გავრცელებას.
ვატო შაქარიშვილი არის ინსტრუმენტი “ქართული ოცნების” ხელში, რომელსაც ის იყენებს ზოგჯერ იმისთვის, რომ გაავრცელებინოს განცხადება, რომლის აფიშირება თვითონ ჯერ-ჯერობით არ სურს, ან გაავრცელოს პროპაგანდა სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ან მაგალითად როგორც უკანასკნელად მოხდა, მიმართოს პროკურატურას, რომლის შემდეგაც დაიწყება გამოძიება და ეს გამოძიება სჭირდება “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, მიიღოს ის გადაწყვეტილება სხვადასხვა ჯგუფის, სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც შაქარიშვილი დაკავებულია “ქართული ოცნების” პროპაგანდის წარმოებით. მათ შორის, ის Facebook-ზე, Instagram-ზე ავრცელებს რეკლამებს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ. ასევე, მისი როლი არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, რომ გაძლიერდეს ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარილებულ მიზანს, რომ ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.
დაახლოებით 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა ვატო შაქარიშვილისა და მასთან დაკავშირებული გვერდების რეკლამებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავდა სწორედ ანტიდასავლური, ევროკავშირის საწინააღმდეგო, პრორუსული რეკლამების გავრცელებას,” – განაცხადა შოთა ნარსიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.