დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან „დონალდ ტრამპის დღის წესრიგს არ ეთანხმებოდა“

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი სიუზან მონარესი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონარესი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის დღის წესრიგს და თანამდებობიდან ამიტომ გათავისუფლდა.
მანამდე -ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა სიუზან მონარესის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაავრცელა განცხადება, თუმცა მონარესის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის არ გადადგებოდა. სიუზან მონარესის ადვოკატების თქმით, ის დევნის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ უარი განაცხადა არამეცნიერული, უგუნური დირექტივების გაცემისა და ჯანდაცვის სფეროს ერთგული ექსპერტების სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მონარესის ადვოკატებმა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი უმცროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
„როგორც მისი ადვოკატის განცხადებიდან ნათლად ჩანს, სიუზან მონარესი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის დღის წესრიგს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
ექიმი მონარესი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფედერალურ მთავრობაში მეცნიერად მუშაობდა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა წარადგინა და სენატმა ივლისში დაამტკიცა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის დეპარტამენტმა მონარესის წასვლა გამოაცხადა, სამსახური დატოვა CDC-ის კიდევ სულ მცირე სამმა წამყვანმა თანამშრომელმა. CBS News-ის ინფორმაციით, მათ შორის არის მთავარი ექიმი დებრა ჰოური, რომელმაც წერილში ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის ზრდის საფრთხეზე განაცხადა. მან ასევე გააკრიტიკა სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირება.
თანამდებობა ასევე დატოვეს ახალი და ზოონოზური ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დენიელ ჯერნიგანმა, რომელმაც წასვლის მიზეზად დეპარტამენტში არსებული სიტუაცია დაასახელა; ასევე იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, დემეტრე დასკალაკისმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურს ვერ გააგრძელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციის გამო. გავრცელებული ცნობებით, თანამდებობა ასევე დატოვა ექიმმა ჯენიფერ ლეიდენმა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემების, მეთვალყურეობისა და ტექნოლოგიების ოფისს ხელმძღვანელობდა.
CDC-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება და თანამშრომლების წასვლა იმის ფონზე ხდება, როდესაც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები შეშფოთება გამოთქვამენ კენედის ხელმძღვანელობის პირობებში იმუნიზაციისადმი სააგენტოს მიდგომასთან დაკავშირებით, რადგან ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი უმცროსი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური მიდგომით გამოირჩევა.
1tv.ge