„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო ნული. ეს კატასტროფა იყო. ტრამპი სრულიად განსხვავებულია. ის არის პიროვნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ამერიკას დაუბრუნებს სიდიადეს, არამედ აქცევს ამერიკას ისეთად, როგორითაც აღფრთოვანდებიან ისე, როგორც ადრე ყველანი ვიყავით აღფრთოვანებული ამერიკით – როგორც კეთილდღეობის, თავისუფლებისა და განვითარების სიმბოლოთი. ის ამას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ. თუკი მან ექვს თვეში შეძლო ამდენ ადგილას მშვიდობის დამყარება, ის ამას გააკეთებს, თუმცა მის მიმართ ძლიერი წინააღმდეგობაა. სისტემაა მის წინააღმდეგ”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა “ალ არაბიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი, სრული ვერსია კი ტელეკომპანიამ 26 აგვისტოს გამოაქვეყნა.
აზერბაიჯანის ლიდერმა პრეზიდენტ ტრამპით აღფრთოვანების გამოხატვისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე მოახდინა ტრამპის ქცევამ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი მკვლელობის მცდელობისას:
“აგრეთვე მსურს განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რამაც ჩემზე იმოქმედა – ეს იყო ქცევა მისი მკვლელობის მცდელობისას. ამისი თამაში შეუძლებელია. ამას ვერცერთი სპიჩრაიტერი ან პოლიტიკური მრჩეველი ვერ იზამს. ეს არის ადამიანის რეაქცია. ის მამაცი ადამიანი და დიდი ლიდერია და ვამაყობ, რომ მეპყრობა როგორც მეგობარს”.
“ალ არაბიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ნამდვილად იმსახურებს” ნობელის მშვიდობის პრემიას, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ კავკასიაში როლის გამო:
“[სომხეთთან] ერთად პრეზიდენტი ტრამპი დავასახელეთ ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
მან სასწაული მოახდინა აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის მისი ხასიათი, ასეთია მისი ბუნება. მას სურს მშვიდობა.
ის არის დასავლელი ლიდერის ტრადიციული იმიჯისგან სრულიად განსხვავებული პიროვნება. ის ძალიან მეგობრულია”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრამპის მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა – წინა პრეზიდენტობის დროსაც და მას შემდეგ, რაც აღარ იყო პრეზიდენტი, ამასთან აცხადებს, რომ 2020-ის არჩევნები ტრამპს “დიპ სტეიტის წარმომადგენლებმა” გაყალბებით წაართვეს:
“ჩემი დამოკიდებულება მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ყოველთვის დადებითი იყო, მისი პირველი ვადის დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ არ მოგვცემია შეხვედრის შესაძლებლობა. განსაკუთრებით იმ დროს, როცა დიპ სტეიტის წარმომადგენლების მიერ არჩევნების გაყალბებით მას წაერთვა არჩევნებში გამარჯვება. …მათ მოიპარეს მისი გამარჯვება”.
ალიევმა განაცხადა, რომ ტრამპმა ღირსება აჩვენა თანამდებობის დაკარგვის მიუხედავად:
“იმ დროს, როცა ის არ იყო პრეზიდენტი, ძალიან ღირსეულად იქცეოდა. მან დიდი სიმამაცე და ღირსება გამოავლინა. თანაც დაბრუნდე ამერიკაში, ყველა იმ ჭაობის ბაყაყის პირობებში, როგორებიც არიან USAID-ი, რადიო თავისუფლება, ისეთი ყალბი ინფორმაციის პირობებში, როგორებიც აქვთ „უოშინგტონ პოსტს“, „ნიუ-იორკ ტაიმსს“, „უოლ სტრიტ ჯორნალს“, „ნიუსვიკს“ – ყველა მის წინააღმდეგ იყო. ყველა მის დემონიზებას ახდენდა ისევე, როგორც ახდენდნენ ჩემსას, მაგალითად. შესაძლოა, არა იმ დონეზე, მაგრამ იმგვარადვე“.
8 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით თეთრ სახლში ხელი მოაწერეს მშვიდობის ერთობლივ დეკლარაციას. ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს აგრეთვე აშშ-სთან ორმხრივ ეკონომიკურ შეთანხმებებს. ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტი მოიცავს სატრანზიტო დერეფნის შექმნას, რომელსაც ეწოდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
თეთრ სახლში დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ემხრობა დონალდ ტრამპისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებას, რის შემდეგაც ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეთანხმება ნიკოლ ფაშინიანს და გამოვიდა ინიციატივით, რომ ისინი ერთობლივად დაასახელებდნენ აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად.
ფორუმი
