ბოლო პერიოდში ახალგაზრდა წარმატებული მსახიობი, ანა ჯავახიშვილი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ კურსს, წლების წინ რუსულ ფილმში იღებდა მონაწილეობას.
რუსულ წყაროზე დაყრდნობით, ანამ მთავარი როლი შეასრულა დაღესტნელი რეჟისორის, ამეტ-ხან მაგომედოვის მუსიკალურ კომედიაში „ცეკვები სიმაღლეზე“, სადაც მისი პერსონაჟია ზიუმა. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობა კიდევ ორი ქართველი მსახიობმა, ლუკა თარხან-მოურავმა და გია კორკოტაშვილმა მიიღო.
ანა ჯავახიშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მშვენიერი მსახიობის სახასიათო გარეგნობა, დახვეწილი მეტყველება და უზადო სამსახიობო ნიჭი მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ანამ განსაკუთრებული პოპულარობა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნათამაშები „მარიამის“ როლით მოიპოვა. ეპიზოდური როლი ჰქონდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“.
ანა ჯავახიშვილის ცხოვრება ყოველთვის ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიგებთ,რომ ის ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა.
“5 წლიდან ბალეტზე დავდიოდი და ეს ისეთი პროფესიაა, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოგივა. საბალეტო სკოლაში გატარებულმა პერიოდმა მასწავლა, რომ რამდენად ნიჭიერიც არ უნდა ვყოფილიყავი, შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ეს თავიდანვე გავიაზრე. გენიოსიც რომ იყო, გამორიცხულია, რამე გამოგივიდეს. მერე, როცა ბალეტი წარსულს ჩაბარდა, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, განვიცდიდი. არ ვიცოდი, თუ ცხოვრებაში კიდევ გამომივიდოდა რამე. წლები რომ გავიდა, ზუსტად მაშინ მივხვდი, რამდენად იღბლიანი ვყოფილვარ, კიდევ კარგი, რომ ბალეტი წარსულს ჩაბარდა, რადგან სანაცვლოდ ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელზეც დღეს ვგიჟდები და რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ეს არის გამართლებაც და იღბალიც,” – ამბობს ანა “თბილისელებთა” ინტერვიუში.
მსახიობი ანა ჯავახიშვილი ხალხმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ქრისტინე ქალთევზაშვილის როლით გაიცნო და შეიყვარა. ანა პროფესიით მსახიობია და როგორც აღმოჩნდა, 3-ჯერ იყო სერიალის ქასთინგზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოარგეს როლი. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ანას, როგორც იქნა, როლი დაუმტკიცეს. მსახიობი ხშირად ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებულია.
ანას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელმაც ქართველ მაყურებელშ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.
ანა ჯავახიშვილი რამდენიმე წლის წინ მის რჩეულზე დემეტრე ხოფერიაზე დაქორწინდა. წყვილის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომელმაც უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.
ანას მეუღლე პროფესიით სოციოლოგია. წყვილი დიდ ხანს მეგობრობდა და ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. საბოლოოდ კი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.
ანა “თბილისელებთან” ინტერვიუში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს. ისინი აბიტურიენტობის დროს ერთად ემზადებოდნენ ქართულ ენაში.
“ჩვენ დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. 17 წლის ასაკში ერთად ვიყავით აბიტურიენტები – ქართულში ვემზადებოდით. ამის შემდეგ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით, მხოლოდ მე და დემეტრე არა, იმ წლებიდან სამი მეგობარი მოვდიოდით ერთად. სამივემ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ბოლოს, მე და დემეტრეს ერთმანეთი შეგვიყვარდა. კითხვაზე – როდის შეგვიყვარდა ერთმანეთი, კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ალბათ, ურთიერთობაში თანდათან გაირკვა, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. დიდხნიანი მეგობრობის შემდეგ, როცა ორივე უკვე თავისუფლები ვიყავით, მივხვდით, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხაროდა, ყოველდღე გვინდოდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ არა ისე, როგორც მეგობრებს და ნელ-ნელა გაირკვა, რომ ერთად ვიყავით. ერთ დღეს არ დაგვირქმევია სახელი ამ ურთიერთობისთვის. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა და იმიტომაც არის ეს ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი, რომ ფურცელზე დაწერილი კანონების მიხედვით არ ვითარდება,” – ამბობდა ანა.
წყვილმა ქორწილი უჩვეულო გარემოში გადაიხადა. ფოტოსესია მაკდონალდში ჰქონდათ. წვეულება კი ვიწრო წრეში, აუზიან ეზოში გაიმართა.
“გოგონებმა ბავშვობიდან რომ იციან, როგორი ქორწილი ექნებათ და როგორი კაბა ეცმევათ, ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. ამ საკითხზე საერთოდ არ მიფიქრია, მაგრამ, როცა ამის დრო მოვიდა, გადავწყვიტე, ისეთი კაბა ჩამეცვა, როგორიც მე მინდოდა, როგორიც ჩემს ხასიათს გამოხატავდა და არა ისეთი, როგორც სტანდარტებში ჯდება და ყველას მოსწონს. როგორც კი ვთქვი, რომ მოკლე კაბის ჩაცმა მინდოდა, ყველამ ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა, მითხრეს, ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში ერთხელ არისო. თან, პატარა, 50-კაციანი ქორწილი გავაკეთეთ ეზოში, აუზთან და არ მინდოდა შეუსაბამო კაბა მცმოდა. ბოლო წუთამდე ვნერვიულობდი, მაგრამ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა და წარმომედგინა. რაც შეეხება ფოტოსესიას „მაკდონალდსში“, ძალიან მომწონდა ხუაკინ ფენიქსის და მისი ცოლის ფოტო, რომელიც მაშინაა გადაღებული, როცა ფენიქსმა „ოსკარი“ აიღო. ბორდიურზე სხედან, ბურგერებს ჭამენ და შუაში „ოსკარი“ უდევთ. ეს ფოტო იმდენად მომწონდა, ვფიქრობდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად გადავიღებ ასეთ ფოტოებს-მეთქი და რადგან ძალიან სადა ქორწილი ჩავიფიქრეთ, ფოტოგრაფის გარეშე, სადაც ყველას ჰქონდა თავის პატარა ფირის კამერა, რითაც ფოტოებს იღებდნენ, ეს ფოტოები დემეტრეს მეგობარმა გადაგვიღო „მაკდონალდსში“ და ძალიან მიხარია, რადგან ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მინდა, ამ ფოტოს რომ შევხედავთ, ამ დღის ისტორია გაგვიცოცხლდეს და გაგვეღიმოს. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდული ქორწილი გამოვიდა, მაგრამ მარტო ახალგაზრდები არა, უფროსი ნათესავებიც იყვნენ, ჩვენი ბებიებიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ დროს ბებია ყოფილიყო ჩემ გვერდით და მოკლედ, მიხარია, რომ საყვარელი ადამიანები გვერდით გვყავდნენ” – ამბობს ანა ინტერვიუში.
ახლა ანას შესახებ ბევრს საუბრობენ და მის პოლიტიკურ არჩევანს აქტიურად განიხილავენ. თავად მსახიობმა მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასე პასუხობს:
“არასდროს ჩამიწერია ასეთი ვიდეო, მაგრამ ისე ამუშავდა ტროლების ქარხანა, გადავწყვიტე ჩავწერო. ამ ფილმში ვარ 18 წლის, გადაღებულია 2016 წელს, როდესაც ვიყავი პირველ კურსზე. მაშინაც და ახლაც მგონია, რომ ეს იყო ნაბიჯი ჩემს პროფესიაში და არაფერი სხვა. ბევრი მსახიობი, სპორტსმენი იცით, ვისაც ეს გზა გაუვლია ან ახლაც გადის და თავის ნაბიჯებს დგამს პროფესიაში. არ ვიცი რის გამოა ეს ბულინგი, აქვე გაჩვენებთ 2019 წლის ფოტოებს, ჩვენი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” იყო კანის ფესტივალზე და ამის გამოც, ბოტები და ტროლები არ ჩერდებიან. მას შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მომსვლია რუსეთიდან და როცა ქვეყანა ომშია ჩართული და დღეს რა სიტუაციაა საქართველოში, გამორიცხულია იქ წავიდე და ვითამაშო. წელს გავხდი ერთ-ერთი ყველაზე ციფრული ბანკის გლობალური სახე, ჩემი ფოტოებია აზიაში და ევროპაში, ამაზე არცერთ მედიას არ დაუწერია. როცა შენი პროფესიაა შეხვიდე და ახალგაზრდა გოგოს კომენტარები უწერო. მეცოდებით, ამას არანაირი გავლენა არ ექნება ჩემზე, ამ სისტემას უნდა, რომ ჩვენნაირი ადამიანები აქ კარგად არ იყვნენ. ძალიან გთხოვთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან რა არ არის. მე გავაგრძელებ ისევ ჩემს საქმიანობას ამ ქვეყანაში სანამ შევძლებ და როცა ვეღარ შევძლებ ამასაც გეტყვით.”
