არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც პერსონალურად თქვა კობახიძემ ჭიჭინაძის მიმართ, ისე როგორ ეხება მის ოჯახს. მან და მდინარაძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთეს. განა არ იცის კობახიძემ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამით ახდენს დემონსტრირებას, რომ გავლენა აქვს თქვენზე – ეს არის ზეწოლა მოსამართლეზე, რომ მან მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი! – ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეს.
ეკა ბესელია დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარსდგა.
როგორც მან აღნიშნა, 13 წლის შემდგომ პირველად სარგებლობს შემთხვევით, რომ სასამართლოში წარსდგეს, როგორც ადვოკატი. ბესელიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ქვეყანაში მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული“.
„პლატონის სიტყვებით დავიწყებ: „სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი“. მე დღეს მინდა ვესაუბრო სიმართლის დამცველებს.
სოკრატე საკუთარ სასამართლოზე, მის მოსწავლეს პლატონს მიმართავდა- „პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი, მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი!“.
ამ საქმის მიმდინარეობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი – როგორ ანადგურებენ სიმართლეს სამართლის სახელით!
ბევრი ადამიანის სათქმელით მოგმართავთ სინდისის პატიმრების საქმეზე – მათ მხარეს სიმართლეა და ბრალდების მხარეს კი, უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი.
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პროცესზე გამოსვლა. რატომ ვფიქრობდი ამდენს? დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სასამართლო ხელისუფლება შეზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღეს მოსამართლეთა უმრავლესობას არა აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რამდენიმე ცალკეული მოსამართლის გარდა, ვერ ვხედავთ თავისუფლებას მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს მაგონებს იმ წლებს, როდესაც სრულად მოხდა სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება და რომლის გამო დამჭირდა მებრძოლა ამ თავისუფლებისთვის ბევრი წელი სასამართლოს დარბაზის მიღმაც!
ეს ბრძოლა არ დასრულებულა და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ მივმართავდი მოსამართლეს დარბაზში, როდესაც მისი თავისუფლება დაბრუნდებოდა!
და რამ გადამაწყვეტინა ამდენი წლის შემდეგ მოგმართოთ? – სწორედ ამ ადამიანების გამო შევცვალე პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი!
მთავარი ეს ადამიანები არიან, ისინი იმსახურებენ ჩემს განცდასა თუ ემოციებზე, სურვილებზე მაღლა მათი ინტერესები დავაყენო!“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამის შემდგომ მან ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებზე.
„კარგია, ბევრი კარგი ადამიანი დააკავშირეთ ერთმანეთს და ხედავთ, როგორ დაამეგობრეთ? მაგრამ, რასაც „სჩადიოდნენ“ დასადასტურებელია ხომ? ამ პროცესზე თქვენი მთავარი ძალა, მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი იყო. ჩვენ ველოდებოდით, რომ რაიმეთი მოგეხმარებოდათ, მაგრამ ვერ შეძლო. ამ პროცესში მას აქვს ტვირთი, როგორც მთავარ გამომძიებელს, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვებს. აქამდე, ვინც აქ მოიყვანეთ, ვერ პასუხობენ კითხვას, ვინ მიაყენა დაზიანება.
გარდა ამისა, თქვენ არ არ ახსენეთ გამოძიებაში ის, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დაზიანება მიიღო, აქციაზე მას შუშის ბოთლი მოხვდა. ასეთი ფაქტი უნდა გამოიძიოთ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ბრალდებისთვის და ამას სჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გამოძიებამ არ გაჩხრიკა ჭიჭინაძის სახლი, რადგანაც იცოდნენ, რომ „არაფერი იყო კანონსაწინააღმდეგო“. რაც შეეხება მსახიობის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოს, ეკა ბესელიას თქმით, ამ ვიდეოთი ჭიჭინაძის ბრალეულობა არ დასტურდება, მეტიც, ისმის პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფა აქციის მონაწილეთა მიმართ.
„ამ ვიდეოში ჩანს ის, რასაც არ უნდა სჩადიოდეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირი, პოლიციელი! საშინლად იგინებოდნენ. როგორც არ უნდა აეწიათ ან დაეწიათ ხმა, ისმოდა, ის თუ როგორ ემუქრებოდა გოგონას გაუპატიურებით. ეს არის ვიდეომასალა, რომელზეც ბრალდებამ ჩათვალა, რომ მისთვის სასარგებლოა.
[აღნიშნულ ვიდეოში] რა მძიმე საგნებს ისროდა ანდრო? იქ ჩანს პატარა ჯოხი, რომელიც მოიშორა თავიდან. როცა თქვენ თავთან დარჩებით, ნახეთ, ვინმეს ხვდება თუ არა.
ირაკლი შაიშმელაშვილმა [შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი] თქვა, რომ შსს თანხას უხდიდა გადაცმულ ფორმაში მყოფებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ნივთები პოლიციის მიმართ ესროლათ. ამით კი გამოეწვიათ პოლიციის მხრიდან ძალადობა ანუ ეს იყო პროვოცირებული!
შაიშმელაშვილის მხრიდან, ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება. ეს არის მტკიცებულება.
გადაცმული ადამიანები ხომ არ იყვნენ ისინი, რომლებიც ვერ დაასახელეს მოწმეებმა და ვერ ამოიცნეს?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ორგანიზებულ დანაშაულს და მასში მონაწილეობას დამტკიცებას სჭირდება, რეალურად კი პროკურატურა აღნიშნულს ვერ ადასტურებს.
„არაფერი მსგავსი ამ ხნის განმავლობაში არ გვინახავს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამას გარდა, ეკა ბესელიამ ისაუბრა სასამართლო პროცესების გაშუქებისას მედიისთვის შემოღებულ აკრძალვებზეც.
„მოსამართლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი სამართალი არის ხალხის ხმა! იუსტიციის საბჭომ უნდა იმსჯელოს, როდის გახსნით და დახურავთ სხდომას, ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს აჩვენებს შიშს და უცილებლად შეიცვლება ეს კანონიც“, – განაცხადა ბესელიამ.
დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, რომელიც ანდრო ჭიჭინაძეს ეხებოდა.
„არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც პერსონალურად თქვა, კობახიძემ ჭიჭინაძის მიმართ, ისე როგორ ეხება მის ოჯახს. მან და მდინარაძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთეს.
განა არ იცის კობახიძემ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ იცის, რომ ამით ახდენს დემონსტრირებას, რომ გავლენა აქვს თქვენზე [მოსამართლეზე].
არ შეიძლება, რომ პროცესის კვალდაკვალ უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებდნენ განცხადებას. ეს არის ზეწოლა მოსამართლეზე, რომ მან მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე? ის არის ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა. მან ითამაშა შემდეგ ფილმებში „სოხუმი“, „შინდისი“, „იუნკერები“, „ცვალებადი ნიშნები“. დაკავებამდე გეგმავდა, რომ გადასაღებად უნდა წასულიყო კილიმანჯაროზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
